პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ პარლამენტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან და უმცირესობიდან, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აზარტული თამაშების აკრძალვას და მკაცრი რეგულაციების დაწესებას ითხოვენ და თავად აზარტული სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფის შექმნას საფუძვლად უდევს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ წარდგენილი პეტიცია. პეტიციაში დასმულია მოთხოვნა საქართველოში აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ. ამ აკრძალვის დაწესებამდე, პეტიციის ავტორები სათამაშო ბიზნესის ყველა სახის რეკლამირების აკრძალვას, გარკვეული ცენზების დაწესებას და ეტაპობრივად ტოტალიზატორების, სამორინეების, სათამაშო კლუბების და სხვა მსგავსი დაწესებულების დასახლებული პუნქტებიდან დაშორებით გადატანას ითხოვენ. მათ აქვთ კიდევ ერთი მოთხოვნა – აიკრძალოს ახალი ნებართვის გაცემა აზარტული თამაშების მოწყობაზე, ხოლო შესაბამის სუბიექტებს არსებული ნებართვების ვადა აღარ გაუგრძელდეთ.
როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ითქვა, საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, რომ დაზარალებული მხარე არ აღმოჩნდეს.
_ „მხარს დავუჭერ ყოველგვარ შეზღუდვას და აკრძალვას, მაგრამ ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ არავინ დაზარალდეს”, – განაცხადა სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ. კომიტეტის მხრიდან აღინიშნა ისიც, რომ კანონპროექტის მომზადებისას არ უნდა ჰქონდეს ადგილი აჩქარებას, პარლამენტისთვის შეთავაზებული უნდა იყოს ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რეალურად იქნება მხარდაჭერილი.