მუშების განცხადებით, მათ ორი თვის ხელფასი არ აუღიათ, დამქირავებელი კომპანია კი ანაზღაურების გაცემაზე უარს აცხადებს.
დაახლოებით 70-მდე მუშა, რომლებიც შემოვლითი გზის მუხიანი-იანეთის მონაკვეთზე მუშაობდნენ, ადგილზე სპეციფიკურ სამუშაოებს ასრულებდნენ. მუშების თქმით, მათ გვირაბების გაყვანა ევალებოდათ.
“ჩვენი სამუშაო თითქმის დავასრულეთ და ახლა აღარ ვჭირდებოდით. ხელფასი რომ მოვითხოვეთ, უფროსმა გვითხრა, მაგნაირი მუშები მე არ მჭირდება, ვინც ხელფასს ითხოვსო. ასე აქვს ნათქვამი თანამშრომლებისათვის, ვინც ხელფასს მოითხოვს, სახლში გაუშვითო. სხვა მუშებიც ასეთივე დღეში არიან. მათაც აშანტაჟებენ, ატყუებენ და ისე ამუშავებენ,” _ ამბობს აქციის მონაწილე ალექსანდრე იმნაძე.
შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების აქცია პროფკავშირების წარმომადგენლები შეუერთდნენ. პროფკავშირების იმერეთის ოფისის ხელმძღვანელის ირაკლი იობიძის განცხადებით, მუშები სამუშაოების მწარმოებელი ფირმის, შპს “ბორან მაინინგის” ადმინისტრაციის სახელზე წერილს ამზადებენ და ადმინისტრაციას მუშების მოთხოვნების შესასრულებლად 72-საათიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში მდებარე ფირმის ოფისთან აქციების გამართვით იმუქრებიან.