შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენ ლევან ყიფიანს რამდენიმე კითხვა დავუსვით:
_ ბატონო ლევან, რა არის დღევანდელი ვიზიტის მიზანი?
_ ჩვენ დავიწყეთ რეგიონებში ვიზიტები და ადგილებზე ვეცნობით ვითარებას. სპორტთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა “გურიაზეც”, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ჩვენმა ჯგუფებმა გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული მდგომარეობა უკვე შეისწავლა, ამას ვაკეთებთ ქვეყნის მასშტაბით. მალე გვექნება სრული სურათი, რაც აქამდე არ გაკეთებულა. სადღაც ივნისის დასაწყისში გვეცოდინება, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით ქვეყანაში.
_ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ უმაღლესლიგელ გუნდებს სახელმწიფო დაეხმარება.
_ არასწორი ინფორმაციაა. სახელმწიფო ისედაც აფინანსებს მუნიციპალურ კლუბებს, მათ შორის _ “გურიას”. უბრალოდ, რეკომენდაცია მივეცით ადგილობრივ ხელისუფლებს, რომ გამოინახოს სამართლებრივი ფორმა, რაც უფრო კომფორტულს გახდის გუნდის მუშაობას. ეს ეხება როგორც უმაღლეს, პირველ ლიგას და ბავშვთა ფეხბურთსაც.
_ ბატონო ლევან, კერძო კლუბების პრეტენზიებზეც გკითხავთ. “ზესტაფონის” შემდეგ თითქმის ანალოგიური ინფორმაცია გაჟღერდა “ტორპედოსთან” დაკავშირებითაც…
_ მე არ ვიცი, რა პრეტენზიებზეა საუბარი.
_ თანაბარ პირობებში ჩაგვაყენონო, ანუ ჩვენც დაგვაფინანსონო…
_ არავინ არავის აფინანსებს. მუნიციპალიტეტი როგორც აფინანსებდა, ისე აფინანსებს. თვითონ სისტემა ისე უნდა შეიქმნას, რომ თანაბარ პირობებში იყოს როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო კლუბები.
_ სწორედ ამას ითხოვენ…
_ ეს ნათქვამი იყო კონკრეტულ პიროვნებებზე. ეს არის თითიდან გამოწოვილი რაღაც ვაჭრობის ტიპის ამბავი. ეს წინადადება ისედაც არსებობდა, ნასაუბრები ვიყავი, შეთანხმებულიც.
_ ილია კოკაიასთანაც?
_ კი, მასთანაც მქონდა ნათქვამი, რომ მზადდება პროექტი, რომელიც მისაღები უნდა იყოს, როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო კლუბებისთვის. ამასთან, გეტყვით, რომ ის ფორმა, რაც დღესაც არსებობს, ანუ კერძო და მუნიციპალური კლუბები, ანალოგიურად არსებობს წამყვან საფეხბურთო ქვეყნებშიც. მე მაგალითად შემიძლია დავასახელო თურქეთი, სადაც მუნიციპალური დაფინანსება ჯერ კიდევ არსებობს. ასევე, იქ არის კერძო კლუბებიც. ეს არ არის ახალი და თუ კერძო ინვესტიციისთვის იქნება საინტერესო კონკრეტული კლუბი, ფეხბურთის, კალათბურთის თუ სხვა, ეს უნდა მოხდეს შესაბამისი ბაზრის განვითარების პირობებში. თუ ბაზარი არ იქნა, ვიღაცისთვის ამის ძალდატანებით მიბმა იქნება შეუძლებელი და იწვევს იმ პროცესებს, რაც მოხდა გორში. ანუ ჩვენ ყველანაირად უნდა ვიყოთ მზად ავიცილოთ ის პროცესები, რაც “დილასთან” დაკავშირებით იყო.