დაძაბულობაა წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. როგორც ავრანლოელი თემურ ანთაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მათ სოფელში 70 ოჯახია გამოსახლებული, არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება მათთან პრობლემის შესაფასებლად არ მისულა, _ ამ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი CENN-ი ავრცელებს.
“ამ დრომდე არავინ მოსულა თუნდაც პრობლემაში გასარკვევად, გადაჭრაზე ზედმეტია საუბარი, ყურადღებაც კი არ მოუქცევიათ არავის,” – აცხადებს თემურ ანთაძე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ წალკაში მდგომარეობა არცთუ ისე რთულია და ეკომიგრანტების მასობრივი გამოსახლებებიც არ დასტურდება. “ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია. თუმცა, კომპლექსურ შესწავლას მოითხოვს –მუნიციპალიტეტთან, აჭარის მთავრობასთან. გამგეობიდან მიღებული ინფორმაციით, სიტუაცია არ არის ასე გართულებული, რომ სახლის მეპატრონეები მასობრივად ჩამოდიოდნენ და ეკომიგრანტებს ასახლებდნენ. ამ საკითხზე და ეკომიგრანტებთან გამართული შეხვედრის დეტალებზე დღეს აჭარის მთავრობასაც დავუკავშირდებით,” – აცხადებს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაზა იმედაშვილი.
აქციის ერთ–ერთი მონაწილის, თემურ მგელაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წუხელ წალკაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა.
“ეკომიგრანტი ოჯახის იძულებით გამოსახლების დროს მოხდა სამწუხარო ინციდენტი – ეკომიგრანტ დალი კახაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებულმა წუხანდელი ღამე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა. წუხანდელი ინციდენტი ყველა ეკომიგრანტის შეურაცხყოფაა. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხიდან სასწრაფო რეაგირებას მოვითხოვთ,” – აცხადებს თემურ მგელაძე.
თემურ მგელაძის ინფორმაციით, აჭარაში აქციის მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. ორი დღის წინ ჩასულ 200–მდე ეკომიგრანტს ახალი განსახლებულები და ინციდენტში დაზარალებული ქალბატონის ახლობლებიც ემატებიან. აქციის მონაწილე ეკომიგრანტები ხელისუფლებისგან თავშესაფარს უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ითხოვენ.
ეკომიგრანტების ჯგუფი წალკის სხვადასხვა სოფლებიდან (ავრანლო, ედიქილისა, თეაქილისა, არწივანი) 13 მაისის საღამოს 16 მიკროავტობუსით აჭარაში ჩავიდა. აქედან რვა სამარშრუტო ტაქსი ხულოში დარჩა, დანარჩენი კი ბათუმში მთავრობის სახლთანაა გაჩერებული. ეკომიგრანტებმა წუხანდელი ღამეც მიკროავტობუსებში გაათიეს.
გუშინ საღამოს ეკომიგრანტები ჯერ აჭარის მთავრობის წარმომადგენელებს, ოდნავ მოგვიანებით კი პარლამენტის ვიცე-სპიკერს მურმან დუმბაძეს, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს სოციალური დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეებს შეხვდნენ.
აჭარის მთავრობა ეკომიგრანტებს მათი პრობლემების დეტალურად შესწავლას და ამ პროცესში ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების (დევნლთა და განსახლების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროები, წალკის მუნიციპალიტეტი) ჩართვას დაპირდა.
ეკომიგრანტები ამბობენ, რომ სანამ მათ რეალური თავშესაფარი არ ექნებათ, ვერსად წავლენ, რადგან წასასვლელი არსად აქვთ, _ ნათქვამია ქსელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.