დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით შრომის კოდექსთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა გაითვალისწინეს, მოისმინეს მხარეთა კონსულტაციები და კომიტეტში აღნიშნული კანონპროექტის განხილვა კვლავ გრძელდება.
“კომიტეტზე ვიწყებთ მოსმენას შრომის კოდექსთან დაკავშირებით. პირველი მოსმენა პრინციპებთან დაკავშირებით, გავლილია და ახლა მიდის მუხლობრივი განხილვა. ჩვენ გავიარეთ მაქსიმალურად ყველა მხარესთან კონსულტაციები, ჩართული იყვნენ ბიზნესი წარმომადგენლები, დამსაქმებელთა გაერთიანება, პროფკავშირები და სხვადასხვა დარგობრივი ასოციაციები. გარკვეული შეთანხმება არის მიღწეული, ახლა უკვე განვიხილავთ თითოეულ მუხლს. ვფიქრობ, იქნება ძალიან აქტიური და მწვავე დებატები, თუმცა, გარკვეულ ნაწილში ჩვენ უკვე შევთანხმდით. ძირითადად მწვავე საკითხები იყო ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით. პრინციპში, ჩვენ შევთანხმდით, რომ 40-საათიანი სამუშაო კვირის ზევით იქნება ზეგანაკვეთური ანაზღაურება, იმაზე მეტი, ვიდრე საათობრივი ანაზღაურება იყო. ასევე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შემოგვაქვს წესი, რომ 1-თვიანი ხელშეკრულების შემდეგ იქნება ან 1 ან 2 წლიანი ხელშეკრულება და ეს შემდეგ გადაიზრდება უვადო ხელშეკრულებაში. ასევე სხვა შეთანხმებებიც მოხდა, რაც გაჟღერდება კომიტეტზე,” _ განაცხადა “ჯანდაცვის კომიტეტის” თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.