იგი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წინასწარ ცნობილ საქმეზე, რომელიც უკევ შესწავლილი იქნება, სრულიად საკმარისია ერთთვიანი ვადა. აქვე დასძენს, რომ პრეზიდენტს ვეტოზე შესაბამისი არგუმენტები არ გააჩნდა ამიტომ მისი შენიშვნები ამ საკითხშიც უარყოფილია.
“ჩვენ განვიხილავთ სააკაშვილის მორიგ ვეტოებს. მან შენიშვნები გადმოგვიგზავნა “უმაღლესი განათლების შესახებ” და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებებზე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მას არგუმენტები არ აქვს. შესაბამისად, მოსაზრება იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 45 დღის განმავლობაში ვერ განიხილავს მისთვის წინასწარ ცნობილ შესწავლილ საქმეს და ვერ გამოიტანს ვერდიქტს, არ მიგვაჩნია სწორად იმიტომ, რომ ნორმის მოქმედების შეჩერებით შეიძლება შეილახოს უამრავი მოქალაქის უფლებები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს უარყოფითი პრაქტიკა და მაგალითები. მე მოვიყვანე მაგალითი _ 2004 წელს, პარლამენტის მიერ მიღებული ორგანული კანონი “საარჩევნო კოდექსის შესახებ” საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ამომრჩეველთა სიის შედგენის თაობაზე და 2004 წლის გაზაფხულის არჩევნები ჩაატარეს “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” მიერ დადგენილი კანონქვემდებარე აქტით ანუ პარლამენტის მიერ მიღებული ორგანული კანონი შეაჩერეს და არჩევნები ჩაატარეს “ცესკოს” მიერ მიღებული კანონქვემდებარე აქტით. დამთავრდა თუ არა არჩევნები, საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა ეს საქმე და ისევ აღადგინა შეჩერებული ორგანული კანონის თავი. ანუ არსებობს იმის უარყოფითი მაგალითები და პრაქტიკა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებებს ბოროტად იყენებდა,” _ განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.