იგივე ეპითეტით მოიხსენიებს ის სააკაშვილის ვეტოებსაც, რომელიც, მისივე განცხადებით, მხოლოდ და მხოლოდ დროის გაყვანას ემსახურება და არა საქმის კეთებას.
“თქვენ გუშინ ყველამ ნახეთ უმცირესობის ყოვლად სასაცილო ქმედება, როცა უსულო საგანს _ ტრიბუნას, უსვამდნენ შეკითხვებს. მთელი სერიოზულობით 20- 25 დეპუტატი იჯდა და უსულო საგანს უსვამდა შეკითხვებს, როცა ქალბატონმა ბესელიამ თავისი უფლება გამოიყენა და დაჯდა დარბაზში. მათ ეგეთი მითითება აქვთ მიცემული. სიტუაციის მთელი კომიკურობა და ტრაგიკულობა მდგომარეობს იმაში, რომ შეკითხვა შეკითხვისთვის ისმებოდა და და არა საქმისთვის. შენიშვნებიც იმიტომ არის შემოსული, რომ შეფერხდეს ამ კანონის მოქმედება გაჭიანურდეს დრო. სააკაშვილი ცდილობს, მაქსიმალურად შეაფერხოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანი კანონებით,” _განაცხადა ქუცნაშვილმა უმცირესობის ქმედებების შეფასებისას.
გუშინდელ საპარლამენტო სესიაზე ეკა ბესელიამ ტრიბუნასთან გამოსვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ტრიბუნა ცარიელი დარჩა. უმცირესობის წევრებმა შეკითხვების რეჟიმი ჩვეულებრივად გააგრძელეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ცარიელ ტრიბუნას უსვამდნენ შეკითხვებს შემდეგი სიტყვებით “ტრიბუნავ, ტრიბუნავ!“