“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ის ძალოვან სტრუქტურაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. იყო უშიშროების თანამშრომელი ჩოხატაურსა და ოზურგეთში, მოკლე დროით ოზურგეთის პოლიციის უფროსი, იყო ასევე ფოთის უშიშროებაში უფროსის მოადგილე, მუშაობდა გორის საფინანსო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ბოლოს კი ფოთის საფინანსო პოლიციის უფროსი იყო. აღსანიშნავია, რომ კახა ვადაჭკორია, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბოლო წლებში აქტიურად ხელმძღვანელობდა და ერეოდა წინასაარჩევნო პერიოდში, წინა ხელისუფლებისთვის ხმების შესაგროვებლად. ამ ინფორმაციას თავად ვადაჭკორია “გურია ნიუსთან” არ ურყოფს და აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე იყო სახელმწიფო მოხელე და საპარლამენტო არჩევნებში მიკროკოორდინატორად მუშაობდა.
_ ბატონო კახა, როგორც ვიცით, დაინიშნეთ კონტრდაზვერვის გურიის სამსახურის უფროსად…
_ დიახ.
_ ბატონო კახა, თუ შეიძლება გვითხრათ, თქვენი საქმიანობის შესახებ, სად მუშაობდით აქამდე?
_ბოლოს ვმუშაობდი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სამეგრელო-ზემო სვანეთში..
_ ასევე მუშაობით რამდენიმე წლის წინ ოზურგეთში უშიშროებაში.. .კიდევ პოლიციაში…
_დიახ, დიახ. რა არის იცი, ჩემო კარგო? მე ვარ სპეცსამსახურის თანამშრომელი და ძალიან გთხოვთ რა, არ მაქვს არანაირი საუბრის უფლება და მეტს ვერაფერს გეტყვით..
_მაშინ ერთ რამესაც გკითხავთ, ჩვენი ინფორმაციით, თქვენ ამდენი წლის განმავლობაში აქტიურად იყავით ჩართული “ნაციონალური მოძრაობის” მხარდასაჭერად არჩევნებში, ახორციელებდით მათ იდეებს, ასევე თქვენი მეუღლეც, რომელიც ბაღის გამგეა, უფრო მეტიც, ბოლოს საპარლამენტო არჩევნებისთვის სახლში „ნაციონალების“ შტაბი გქონდათ გახსნილი…
_ როგორც ასეთი შტაბი გახსნილი ნამდვილად არ მქონდა, როგორ გეკადრებათ. ჩემი მეუღლე, კი ბატონო იყო სახელმწიფო მოხელე და იყო მიკროკოორდინატორი საპარლამენტო არჩევნებში, ისეთი რომ შტაბი ყოფილიყო, ეს არ ყოფილა ნამდვილად. სხვათაშორის, არც გვიაქტიურია არჩევნების ბოლო თვეს, ვერავინ იტყვის იმას, რომ კახა ვადაჭკორია უხეშად ჩაერია არჩევნებში ან ვინმეს ძალა დავატანე. მითუმეტეს იმ გავრცელებული ციხის კადრების შემდეგ, რატომ მეკითხებით ასეთ რაღაცას, რას ნიშნავს ეგ თქვენი მხრიდან? _ გვითხრა ვადაჭკორიამ.