“დღევანდელი ცვლილება შექმნილია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის ტურისტებმა დაისვენონ სახლებში, სადაც გაგრის საფეხბურთო მოედანზე თავმოკვეთილი ადამიანების თავებით თამაშობდნენ ფეხბურთს. ამ ადამიანების სახლებში მოწყობილია სასტუმროები. ეს კანონი მხოლოდ აქ დასვენებას უწყობს ხელს და რაც დღეს ხდება პარლამენტში, ამდაგვარი რამ არ გაუკეთებია ორჯონიკიძის ხელისუფლებას,” _ ამბობს მალაშხია.
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანოში მეოთხე სასესიო დღეა, იხილავენ. ამ წუთებშიც ამ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. უმცირესობამ უმრავლესობას პროცედურული ომი გამოუცხადა და დანაპირებს პირნათლად ასრულებს.
შეგახსენებთ რომ პარლამენტში წარდგენილი “ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ შეტანილი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, დაპატიმრების ნაცვლად 400-ლარიანი ჯარიმა შეეფარდება ანუ სუბიექტის მიერ პირველად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციულით განისაზღვრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ეს ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში კანონის განმეორებით დამრღვევი ან სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება ან შეეფარდება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.