პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძეს წერს, რომ “მიჯირყვნა” კარგა ხანს დარჩება ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში:
_ ისე, ეს “მიჯირყვნა”, იმდენად ესადაგება ჩვენს რეალობას, რომ ასე მგონია, კარგა ხანს დარჩება ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში და სხვადასხვა ფორმით ხშირად იქნება. ივანიშვილმა დღეს რომ თქვა რაღაცასთან დაკავშირებით – “რადგან ამის მიჩქმალვა და მიჯირყვნა ხელოვნურად ხერხდებოდა, ამან დღეს წამოყო თავიო,” მე რომ მკითხო, ნათლად გასაგები დიალექტიზმია (ან დიალექტურ სტილში ნაწარმოები ახალი სიტყვა), რომელიც ძალიან კარგად გადმოსცემს საქმის ვითარებას.
ენასთან მწყრალად არის, თუ ვინმეს ჰგონია, რომ დიალექტიზმის გამოყენება დანაშაულია. პირიქით, თავის ადგილას და მახვილგონივრულად გამოყენებული დიალექტიზმი, ნეოლოგიზმი და ბარბარიზმიც კი ზოგჯერ უკეთესად გადმოსცემს სათქმელის არსს, ვიდრე სალიტერატურო ენით ნათქვამი. ამ გახსენებაზე, ნურც ისეთი აქტუალური დიალექტიზმები დაგვავიწყდება, როგორიც არის საჯიკებელი და ჩინჩლავს – მარცხი ელანძეია და რა იცი, როდის დაგვჭირდეს, _ აღნიშნავს მაღლაფერიძე და ხუმრობით დასძენს: ღმერთმა ბევრი ენა იმიზა მოგვცა, რომ პოლიტიკაზე გურულად ვიუბნოთ, ბიზნესზე – მეგრულად, სოფლის მეურნეობაზე – კახურად და ასე შედეგ. რომ არ გვქონდეს კი, მაგრამ ხომ გვაქვს და გამოვიყენოთ!