1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში “ვაჟაობის” დღესასწაულზე სიტყვით გამოვიდა ჟურნალისტი ნაზი შამანაური( გაზეთ “სამშობლოს” ყოფილი თანამშრომელი) და არნახული სიმამაცით ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა თვითნებობა და ბოროტმოქმედებანი, ასევე, საქართველოს სავალალო მდგომარეობა, რისთვისაც იგი მაშინვე დააკავეს უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა. მასთან ერთად დააკავეს დედამისიც.
სასამართლომ მას იძულებით მკურნალობა მიუსაჯა თბილისის ასათიანის სახ. რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ნ.შამანაურმა შიმშილობა გამოაცხადა და იშიმშილა 70 დღე. მიუხედავად ამისა, მას მაინც აწამებდნენ ინსულინური შოკებით და ნეიროლეპტიკების ინექციებით, რითაც მძიმედ დააავადეს. 1983 წელს ნ. შამანაური სასიკვდილოდ სცემა მედპერსონალმა, რის შედეგადაც მან მიიღო თავის ქალის ტრავმა და პერიტონიტი. იგი გადაიყვანეს თბილისის მეცხრე კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ნაზი შამანაურმა დღიურები დაწერა, თუმცა ფსიქიატრიული საავადმყოფოს იმჟამინდელი მთავარი ექიმი აბელ მამარდაშვილი აცხადებდა, ეს დღიურები ნაზის არ დაუწერიაო… ნაზი შამანაურის საქმეზე გამოძიება არ ჩატარებულა. მეტიც, იმ დღეს, როცა ნაზის ასაფლავებდნენ, დუშეთის რაიონის რაიკომის მდივანმა კერესელიძემ, თურმე, რადიო ჩართო და ტაშ-ფანდური გამართა. სხვათაშორის, ჟურნალისტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სწორედ კერესელიძის მხილებისთვის გამოკეტეს…
ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან:
“…1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ვაჟაობაზე ვიყავით მე და დედა. გადავწყვიტე, სიტყვით გამოვსულიყავი და ვთხოვე ნებართვა რაიონის ხელმძღვანელს, რომელმაც სიტყვის უფლება არ მომცა და მისი მითითებით, გაოგნებული საზოგადოების თვალწინ, დედა-შვილი მილიციის მანქანით წამოგვიყვანეს. ორი დღე დაგვტოვეს მილიციის საპატიმროში… 16 აგვისტოს, ორშაბათს, წამოგვიყვანეს თბილისში და დედა-შვილი მოგვათავსეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველ განყოფილებაში, სადაც უფრო მეტად აღგზნებული ავადმყოფები არიან. მე და დედას შიშისაგან არ გვეძინა. მე-13 დღეს დაგვაშორეს ერთმანეთს, დედა გადაიყვანეს მე-9 განყოფილებაში და მე პირველ განყოფილებაში დამტოვეს. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება, გამატიტვლეს ყველას თვალწინ, თმით მათრიეს, 13 დღის ნაშიმშილევს შემიკრეს ზეწრებით ხელ-ფეხი, მუცელში მცემდნენ, ცხვირზე ხელს მაჭერდნენ, რომ პირი გამეღო… შიგ სახეში მცემდნენ, ხითხითებდნენ, შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ, შენთვის ეს სურამის ციხედ იქცევა, ჟურნალისტი გამოვიდა სიმართლის მაძიებელი…
01.01.83 წელი: ” ახალი წელი გათენდა საგიჟეთში. ყველა დაღონებულია. ყვირილი, ჩხუბი. ნუნუ გოგინაშვილი მეუბნება, საპატიმროში ვართ, არა, ნაზი? რა მეთქმის…
05. 01. 83 წელი. კვლევითი ინსტიტუტი კი არა, ტიპური საწამებელი კონცლაგერია, სადაც ავადმყოფ ადამიანზე, როგორც საცოდავ კურდღელზე, ცდებს ატარებენ. ჯერ ხომ სანამ სისხლს გამოსწოვენ, თითოეულს წაქცევამდე, ვენიდან რამდენჯერმე უღებენ სისხლს. მერე, ამ სისხლს მამასისხლად ყიდიან. ამიტომაა თითოეული ავადმყოფი ჩონჩხადქცეული მოარული არსება. ყიდიან არა მარტო სისხლს, ყიდიან ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პერანგებს, ნიფხავს, წამალს თუ ზეწარს… ავადმყოფები კი, გესტაპოს ტყვეებივით, ფეხშიშველა, დახეულ პერანგებში დაბორიალობენ…”
ნაზი შამანაურმა დღიურში ბოლო ჩანაწერი 1983 წლის 11 იანვარს გააკეთა.
პროექტის ორგანიზატორი, ირმა ინაშვილი “გურია ნიუსთან” აცხადებს: “წელს ნაზი შამანაურის ოქროს მედალი ტრადიციულად სამ ქართველ ჟურნალისტს გადაეცემა. ეს ჟურნალისტები საზოგადოებამ დაასახელა.
“ობიექტივი” იანვრიდან დღემდე რამდენიმე, სხვადასხვა ტიპის გამოკითხვას აწარმოებდა. მთავარი კრიტერიუმი ამ პრემიის ის არის, რომ ნომინანტ–ჟურნალისტს წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ასევე, მას უნდა გამოარჩევდეს მოქალაქეობრივი პოზიცია. მიხარია, რომ წელს ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი საუკეთესო გუნდი დაასახელა.“
“ობიექტივმა” გუშინვე, პრესკონკონფერენციაზე გადასცა პრემიერს მოსაწვევები დაჯილდოვებაზე დასასწრებად.
“რაც შეეხება, პრემიერის სტუმრობას, არ ვიცი, მობრძანდება, თუ არა ბატონი ბიძინა, მაგრამ იმას გეტყვით, რომ პრემიერი კარგად იცნობს ნაზი შამანაურის ტრაგიკულ ისტორიას და ძალიან აფასებს შამანაურის გზას”. _ აცხადებს ირმა ინაშვილი.
რაც შეეხება ნომინანტების შერჩევის პრინციპს: “ჯერ ერთი იანვრიდან “ობიექტივის” ეთერში იყო სპეციალური ტელე–პროექტი და მაყურებელი რეკავდა და ასახელებდა მის რჩეულ ჟურნალისტს. მეორე _ ჩავატარეთ ქუჩის გამოკითხვა, ხალხმრავალ ადგილებში: მეტროს სადგურები, მაღაზიები, ბაზრობები; მესამე _ გამოვიკითხეთ ცნობილი ადამიანების აზრი: მსახიობები, სპორტსმენები, მეცნიერები, ჟურნალისტები. ჩატარდა, ასევე, სატელეფონო გამოკითხვა. შედეგები შეჯამდა და საბოლოოდ სამი ჟურნალისტი აღმოჩნდა, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს.
სტუმართა შორის, წესით, უნდა იყოს ყველა ცნობილი უფლებადამცველი, სახალხო დამცველიც მოვიწივიეთ. ასევე, სასჯელაღსრულების მინისტრია მოწვეული, რადგან ნაზი პატიმარი იყო. 200 კაცზე მეტია მოწვეული. ხვალ ნაზი შამანაურის დაბადების დღეა. მე პანაშვიდს გადავიხდი.
ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ, ჩვენი კოლეგების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის აღნიშვნა, ხოლო, მეორეს მხრივ, გვინდა, რომ მოხდეს ნაზი შამანაურის სახელის რეაბილიტაცია. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი ნაზის დღესაც გიჟს ეძახის. არა და, ეს იყო უნიჭიერესი ჟურნალისტი, მთარგმნელი.
ობიექტივმა” სპეციალურად ამ დღისთვის გამოსცა ნაზის დღიურების ახალია სერია, შოთა ჭინჭარაულის რედაქციით. ეს წიგნები სტუმრებს დაურიგდება.“ _ აცხადებს ირმა ინაშვილი.
2013 წლის 10 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში” სამ ქართველ ჟურნალისტს, 2012 წელს გაწეული ჟურნალისტური საქმიანობისათვის, ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედლები გადაეცემა. ღონისძიებას ცნობილი პოლიტიკოსები, ექსპერტები, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ შარშან ნაზი შამანაურის სახელობის მედლები ჟურნალისტებს – ელისო ჩაფიძეს, ნანა ფაჟავას და ნანა ლეჟავას გადაეცათ.