ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
_ “როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება ვიდეოარქივი, სადაც სხვა ჩანაწერებთან ერთად, გარკვეულ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია ასახული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს განცხადებები ვიდეოარქივის განდგურების შესახებ, ეს მასალა კვლავ სამინისტროში რჩება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად მივიჩნევთ აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივად სწორი პოზიციის დაფიქსირებას.
დასაწყისშივე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წინამდებარე განცხადებაში ჩვენ შევეხებით მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის განადგურების აუცილებლობას, რაც, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ასევე დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ყველა სხვა ჩანაწერი. პირიქით, ვიდეომასალა, სადაც ასახულია წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება თუ სხვა მსგავსი ფაქტები, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე (როგორც მინიმუმ) არ უნდა განადგურდეს და ყველა მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირს კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა დაეკისროს დანაშაულის სიმძიმის ადეკვატური პასუხისმგებლობა.
სამართლებრივად სხვა ვითარებაა მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. მსგავსი ჩანაწერები დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონმდებლობით. საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ ადგენს სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი უშიშროების დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების წესებს, ამოცანებსა და მეთოდებს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ერთ-ერთ სახეს მიეკუთვნება ფარული ვიზუალური კონტროლი და მიყურადება. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას. გარდა ამისა, ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:ო”პერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით ამ პირის წინააღმდეგ. ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება შენახულ იქნეს და უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ.”
სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, “პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება” წარმოადგენს დანაშაულს. როგორც მითითებული ნორმიდან ნათლად ჩანს, მსგავსი ჩანაწერების მხოლოდ შენახვაც კი დანაშაულია.
საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოებას იცავს “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” მე-8 მუხლი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. სახელმწიფოს მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში გაკრვეული ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად (მაგ.დანაშაულის პრევენცია, საზოგადოებირვი უსაფრთხოება და ა.შ.). ამასთან ეს ინტერესი თავისი მნიშვნელობით პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესს უნდა აღემატებოდეს. მოცემულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მოპოვებულია კანონის დარღვევით. არქივი შეიცავს პირების მაკომპრომიტირებელ მასალებს და მათი შენახვა არ ემსახურება ისეთ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც თავისი ღირებულებითა და მნიშვნელობით პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესს გადაწონის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პატივი სცეს ადამიანთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მკაცრად დაიცვას კანონი და ადმიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნები. აღნიშნულის უზრუნველყოფა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურების შესახებ, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); კონსტიტუციის 42-ე მუხლი ადამიანის უფლებათა ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აწერენ.