მაკარონი, რომელიც აბაშის ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდეს, დაობებული იყო, შეფუთვაში კი შავი ხოჭოები აღმოაჩინეს, თუმცა, პროდუქცია ვადაგასული არ იყო _ შეფუთვაზე შენახვის ვადად 2014 წელი იყო მითითებული.
ამ კვირაში ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. ჩვენ მაღაზიის გამყიდველს და მეპატრონეს ვესაუბრეთ, რომელთა ვინაობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვასახელებთ, რადგან სხვა რამდენიმე მაღაზიაშიც იყო ასეთი შემთხვევები, თუმცა, მომხმარებლებმა მხოლოდ სიტყვიერად გვითხრეს ამის შესახებ და ფაქტები არ მოუტანიათ.
მაღაზიის გამყიდველს რატომღაც არ გაჰკვირვებია გაფუჭებული პროდუქტის მიბრუნება და მაშინვე გადახდილი საფასური დააბრუნა. კითხვაზე, რატომ ჰქონდათ დაობებული პროდუქტი მაღაზიაში, გამყიდველმა გვიპასუხა, რომ შეიძლება შეყვა შემოტანილ პარტიას და ვინც იყიდა, მაშინვე რომ ენახა, არც მიყიდდა.
საუბრის დროს მაღაზიის მეპატრონეც მოვიდა. ჩვენ დავინტერესდით, ეტყოდა თუ არა დისტრიბუტორს აღნიშნული შემთხვევის შესახებ და მოსთხოვდა თუ არა პასუხს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არ ახსოვს, ვინ და როდის შემოიტანა მაღაზიაში პროდუქცია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიდი პასუხისმგებლობა არ გამოუხატავს და აქეთ შემოგვედავა, ვადაგასული არ არის და მე საიდან უნდა ვიცოდე, შეფუთვის შიგნით დაობებულია თუ მატლები დადისო.
ხშირად გამოთქვამენ მყიდველები საყვედურს, განსაკუთრებით თევზეულის და რძის პროდუქტების უხარისხობის გამო. ქალბატონმა, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ იყო ჩვენთან მოსული, გვითხრა, რომ მის მიერ ნაყიდი მაწონი და არაჟანი დაობებული, წყალმომდგარი და ვადაგასული იყო.
“გურია ნიუსი” სურსათის უვნებლობის აბაშის სამსახურის უფროსს ცარო ადეიშვილს დაუკავშირდა.
_ ამ ბოლო ხანებში ხშირია შემთხვევები, როცა მაღაზიებში ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტები იყიდება. თქვენ რამდენიმე თვის წინ ჩაატარეთ მონიტორინგი რაიონის მაღაზიებში. თუ გრძელდება ეს პროცესი და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაფუჭებული პროდუქციის გაყიდვაზე?
_ მონიტორინგი არ დამთავრებულა. ჩვენ ვაგრძელებთ მაღაზიების შემოწმებას. რომელ მაღაზიაშიც ვადაგასული პროდუქცია გვხვდება, ამოგვაქვს, ვაწვდით ინფორმაციას რეგიონულ სამსახურს, ვიღებთ განადგურების ნებართვას და შემდეგ ხდება ადგილზე განადგურება.
_ თუ პროდუქცია არ არის ვადაგასული, მაგრამ გაფუჭებულია და საკვებად გამოუსადეგარი?
_ მაშინ ეს უკვე მაღაზიის ბრალია _ მათ უნდა დაიცვან შენახვის პირობები. ჩვენ მონიტორინგის დროს მასეთ პროდუქტებსაც ვაკვირდებით, იმასაც, თუ მალეფუჭებადი პროდუქტები სად უდევთ, დაცულია თუ არა ისინი მაცივრებში, ვუყურებთ მაღაზიის სანიტარულ მდგომარეობასაც, ასევე, ვიკვლევთ გარე დახლებზე გამოტანილ პროდუქტებს, მაგრამ, პირველ რიგში, ვადას ვამოწმებთ. შესაბამის დარღვევებზე ვუთითებთ და ვცდილობთ ერთობლივად გამოვასწოროთ მდგომარეობა.
_ ქალბატონო ცარო, თუ შეიძლება, რომ მონიტორინგს ჟურნალისტებიც დავესწროთ?
_ მე ამას ვერ გადავწყვეტ. უნდა შევათანხმო რეგიონალური სამსახურის უფროსთან და მისგან უნდა მივიღო ნებართვა.
მაღაზიების გარე დახლებზე ვნახეთ პურები, რომლებიც არც დაფარული იყო და არც შეფუთული, თუმცა, ამ საკითხზე მაღაზიების მეპატრონეებმა საუბარი არ ისურვეს.