პროკურატურა მოსამართლის მიკერძოებაზე აპელირებს, სასამართლო კი გადაწყვეტილებას გამოძიების არაკომპეტენტურობით ხსნის. მამუკა ხვედელიანის საქმესთან დაკავშირებით “გურია ნიუსმა” კომენტარი მთავარ პროკურორს სთხოვა, რომელიც განაჩენის გამოქვეყნებამდე დეტალებზე საუბარს ერიდება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, პირადად იცნობს თუ არა საქმის მასალებს და განსაკუთრებით კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა:
“ინფორმაცია რაც მამუკა ხვედელიანის საქმესთან დაკავშირებით მაქვს, მოწოდებულია სამხარეო პროკურატურის მიერ. მანამ, სანამ სასამართლოს განაჩენი არ გამოქვეყნებულა, თეორიულად ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა იმისა, ითქვას, რომ ბრალდება არ იყო დასაბუთებული და აქედან გამომდინარე იქნა განაჩენი გამოტანილი. ჩვენი განწყობით, რომელიც ემყარება სასამართლოში წარმართულ საქმეს და იქ არსებულ მტკიცებულებებს, აქ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო, მაგრამ სანამ განაჩენი არ გამოქვეყნდება, გადაჭრით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია.”
“გურია ნიუსის” კითხვაზე, რატომ გაასაჯაროვა პროკურატურამ მოსამართლისა და პროკურორის კომუნიკაციის ფაქტი მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდეგ, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მათი შეხვედრა, როგორც ფაქტი, დანაშაული არ არის.
“თავისთავად იმ კომუნიკაციაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა პროკურორსა და მოსამართლეს შორის, რაიმე კანონდარღვევა არ არის, ანუ როდესაც მოსამართლე მოუწოდებს პროკურორს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ, ამაში კანონდარღვევა არ არსებობს, მაგრამ თვითონ განაჩენი, რომელიც ამ ფაქტს მოჰყვა, ჩავთვალეთ, რომ ღირდა გასაჯაროვების ფასად, რადგან ერთობლიობაში განაჩენამდე კომუნიკაცია და განაჩენი გარკვეულ აზრს წარმოშობს. ჩავთვალეთ, რომ ამ აზრის გასაჯაროვება იქნებოდა მიზანშეწონილი,” _ ამბობს კბილაშვილი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ დარღვევაა, როდესაც განაჩენის გამოტანამდე მოსამართლესა და პროკურორს შორის სასჯელის ფორმასთან დაკავშირებით ხდება შეთანხმება. მისივე თქმით, აქ მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ ვისი ინიციატივით მოხდა ეს შეხვედრა, თუმცა მსგავსი კომუნიკაცია ყველა შემთხვევაში კანონდარღვევაა.