აუდიტის დასკვნის შედეგად, ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის საქმე უკვე პროკურატურას გადაეცა. აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელს, გიორგი ფაცურიას ინფორმაციით, აუდიტი ჩაუტარდა “სპორტული ცენტრს”, კულტურის ცენტრის შემოწმებაც, ფაქტობრივად, დასრულებულია.
_ გვაქვს ჩვენი სამუშაო გეგმა და ამ გეგმის მიხედვით მივყვებით; თუ სხვა საკითხი წამოიჭრება, დამატებით იმასაც ვსწავლობთ. გეგმა მოიცავს საბიუჯეტო თანხების ხარჯვის გამოკვლევას ყველა სფეროში. ამ გეგმის თანახმად, არ დარჩება საბიუჯეტო ორგანიზაცია, სადაც შემოწმება არ იქნება ჩატარებული. ჩვენი მიზანია, შემოწმებისას, რისი გასწორებაც შეიძლება გასწორდეს და რაზეც საჭიროა, რეაგირება მოხდეს აუცილებლად. არ დავუშვებთ იმას, რომ ვიღაცამ რაღაც ცუდი გააკეთოს. აპრილის ბოლოდან შევუდექით სამუშაოს შესრულებას. ამ ხნის განმავლობაში აუდიტი ჩაუტარდა ა(ა)იპ “სპორტულ ცენტრს“ და “კულტურის ცენტრს“. ჩატარდა ძირფესვიანი შემოწმება. ყველაზე დიდი დრო “კულტურის ცენტრის“ შემოწმებამ წაიღო; დაახლოებით ერთი თვეა ვამოწმებთ 5 წლის შედეგებს.
_ ჩვენი ინფორმაციით, დარღვევები აღმოჩენილია სპორტულ ცენტრში და საქმეს დღემდე პროკურატურა იძიებს; რა დარღვევებზეა საუბარი?
_ ძირითადი რის შესასწავლადაც ჩვენ შევედით, ეს იყო გაბერილი შტატები და თანხის არამიზნობრივი ხარჯვა. გამოვლინდა, რომ არ ფუნქციონირებს საცურაო აუზი და თანხა კი იცემოდა. გამოვლინდა ისიც, რომ ერთსა და იმავე ადგილზე დასაქმებულია ორი პიროვნება. პრობლემები გვქონდა შესავსებებთანაც. არამიზნობრივ ხარჯვას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, შევადგინეთ შესაბამისი მოხსენებითი ბარათიც; მივუთითეთ, რომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს. თუმცა, ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ და დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ რას გადაწყვეტს საკრებულო.
_ რამდენი ხანია რაც დასკვნა საკრებულოს გადაეცით?
_ ერთ თვეზე მეტი იქნება გასული, საკრებულოს მხრიდან კი, ჯერ-ჯერობით რეაგირება არ არის. რაც შეეხება კულტურის ცენტრს, ეს საკითხიც გადაეცემა საკრებულოს; თან, საჩივარია შემოსული. სულ მალე დაიდება ჩვენი დასკვნა და მოხსენებით ბარათს გადავუგზავნით საკრებულოს და გამგეობას.
_ დასკვნის მომზადებამდე რისი თქმა შეგვიძლია, რა დარღვევებია იქ აღმოჩენილი?
_ არასახარბიელო მდგომარეობაა, სერიოზული ნაკლოვანებებია. ამ ორი ა(ა)იპ-ის გარდა, ჩვენ შეხება გვქონდა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მაგრამ არა შემოწმების მხრივ _ ცალკეული საკითხებისა და შემოსული განცხადებების საფუძველზე. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ა(ა)იპ-ები სრულიად უკონტროლო იყო მთელი 9 წლის განმავლობაში. სადაც ვმუშაობთ, ყველგან ჩანს, რომ მათ ან არ ამოწმებდნენ, ან ვერ ამოწმებდნენ. 5 წლის შედეგებს ვამოწმებთ და წინა წლები ხომ მაინც უნდა იყოს გასწორებული?! დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ა(ა)იპ-ის გადამოწმების შემდეგ იგივე მდგომარეობა იქნება.
_ მაინც რა სახის ნაკლოვანებებია ძირითადად აღმოჩენილი?
_ არამატერიალური ფასეულობების მიმართებით სერიოზული ნაკლოვანებებია; აღრიცხვიანობა, ინვენტარიზაცია თუ არ არის მოწესრიგებული, მისი განიავების შესაძლებლობა იქმნება. კულტურის ცენტრის ძირითადი მიმართულებაა ღონისძიებების ჩატარება და მასზე დახარჯული თანხის კანონიერება. სამწუხაროდ, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტების არარსებობა დაფიქსირდა; არის საქველმოქმედო ღონისძიებები ჩატარებული, მაგრამ იქ ქველმოქმედება არ ჩანს _ მსგავსი სახის ღონისძიების ჩატარებისას, ბიუჯეტის თანხა ღონისძიების მონაწილეს არ უნდა გადაეცეს, ეს ქველმოქმედება არ არის. არის ტრანსპორტირების სერიოზული ხარჯები. სამივლინებო თანხების გამოყენებაზე გვაქვს შენიშვნები… გვხვდება უმიზეზოდ გათავისუფლება და თანხების არამიზნობრივად მიმართვა. სახელფასო ფონდთან ასე “თამაში“, არასწორია.
_ რაც შეეხება გამგეობის სოციალურ სამსახურში ჩატარებულ აუდიტის შედეგებს; რა მდგომარეობაა იქ?
_ როგორც მოხსენებით ბარათში აღვნიშნეთ, ადგილი ჰქონდა საგარანტიო წერილების არქონის მიუხედავად გარკვეული თანხების გაცემას; ისეთი სერიოზული დარღვევა, როგორც ზემოთ ხსენებულ ა(ა)იპ-ებში შეგვხვდა, არ ყოფილა. ხარვეზები არის, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია. ამ სამსახურის წინა უფროსების დროსაც იყო ასეთი დარღვევა აღმოჩენილი, მაგალითად, მნიშვნელოვანი გადაუხდელი თანხაა დაგროვილი, როცა გამგეობა, წინა წლებში, გასცემდა საგარანტიო წერილებს და რიგითობას არღვევდა. დაახლოებით 17 000 ლარი დაგროვდა, რაც ამჯერად ბიუჯეტს დააწვა გადასახდელად.
წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს აუდიტის ჩატარება სხვადასხვა სამსახურებში. ერთდროულად ეს არ მოხერხდება ფიზიკურად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აუდიტის განყოფილება დაკომპლექტებულია ნამდვილი პროფესიონალებით, – გვითხრა გიორგი ფაცურიამ.
“გურია ნიუსთან” საუბარში ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიგინეიშვილი ამბობს, რომ სპორტული ცენტრის შემთხვევაში, ვინაიდან საქმე პროკურატურას გადაეცა, არაა სასურველი საკრებულომ მოვლენებს დაასწროს: “არ მინდა, რამე გადაწყვეტილება მივიღო, რადგანაც საქმე პროკურატურას გადაეცა; დაველოდებით გამოძიების შედეგებს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.”
სტატია მომზადებულია ფონდის “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, არგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.