_ ბატონო ავთანდილ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს კოტე შარაშენიძეს პროკურატურაში უჩივიან. მას ადანაშაულებენ იმაში, რომ ოზურგეთის საკრებულოს წარუდგინა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შედგენილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომლის ხარჯვითი ნაწილის 45% -ს წარმოადგენს ადმინისტრაციული ხარჯები, რითაც წინასაარჩევნოდ გაბერილ შტატებს აფინანსებდა. ბიუჯეტის მხოლოდ 7 %-ია გათვლილი სოციალურ ხარჯებზე. დღემდე გრძელდება ბიუჯეტიდან აიპიების არამიზნობრივი სუბსიდირება, რაც ბიუჯეტს დაახლოებით, ყოველწლიურად 500 000 ლარამდე ზარალს აყენებს. ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილი 450 000 ლარის ხარჯვა მიმდინარეობს არამიზნობრივად და კანონდარღვევით. არ არსებობს სტიქიით მიყენებული ზიანის დამთვლელი კომისიის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
_ სხვათაშორის, ძალიან მინდა ამ თემაზე ვისაუბრო. მე მესმოდა ადრეც, საუბარი მაქვს ბატონ კოტეზე, რომ მას ადრე რაღაც ინციდენტები მოსდიოდა და ჰქონდა პოლიციაში საქმე. მან დიდი რისკის ქვეშ დააყენა თავისი ოჯახი. საერთოდ, ყველაფრის თქმა და დაბრალება შეიძლება, მაგრამ იმის არა, რომ კოტე “ნაციონალებთან” გარიგებაში დაადანაშაულო. მე მგონია, რომ მან კადრების შერჩევას კარგად გაართვა თავი. ვგულისხმობ მის მოადგილეებს. ამ კაცს უნდა საქმის კეთება და არ აცლიან, ეს არის პიროვნული დაპირისპირების ბრალი. თუ ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ ბატონ კოტეს აქვს დანაშაული, არსებობს პროკურატურა და სასამართლო.. დაელოდონ გამოძიებას, თუ ეს ორგანოები გამოიტანენ შესაბამის დასკვნას, ჩვენც ვიმსჯელებთ ამ თემაზე. მას დაუდგნენ დეპუტატები გვერდით. ასე უაპელაციოდ რაღაცეების დაბრალება არ შეიძლება. ვნახოთ, რა დასკვნას გამოიტანენ სამართალდამცავები. იმის მიხედვით გაკეთდება ყველაფერი.
_ ბატონო ავთო, ბიუჯეტთან, აიპიებისა და სტიქიით დაზარალებულთა ოჯახების შესახებ ხართ თუ არა საქმის კურსში, რამდენად კანონიერად არის შესრულებული სამუშაოები?
_ბიუჯეტის თემა ნამდვილად მტკივნეულია. ახლა დაწყებულია ახალი ბიუჯეტის ფორმირების თემა. რომ ვისაუბრო ძველ ბიუჯეტზე, ვინ მიიღო და როგორ მიიღო, ეს შორს წაგვიყვანს. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ადამიანს აქვს ბანკში სესხი და ასე ხელაღებით, უცებ გაათავისუფლო, არ შეიძლება. რა პრინციპით შეამცირებ, თუ ახალ ბიუჯეტზე პრიორიტეტი არ იქნება, ერთი ხელის მოსმით ხომ არ შეიძლება ეს? ასეთი ქმედება ძალიან დიდ უარყოფით სიტუაციას და დაპირისპირებას გამოიწვევს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ როცა 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილება, მივუდგებით ყურადღებით. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ნამდვილად არის გადაჭარბებული აიპიების შტატები. ვაღიარებ, რომ ეს ასე არის და გასაკეთებელია, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მივუდგებით. ვინც საჭიროა, ის ადამიანები დარჩებიან სამსახურში. ახლა რაც შეეხება სტიქიის ამბებს. ყველა დაზიანებულ სახლზე იყო წარდგინება დეპუტატისა და სოფლის რწმუნებულის მიერ და შედგენილია სადეფექტო აქტი. აბსოლუტურად ყველა ოჯახში შესრულებულ სამუშაოზე დაიდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა. ამის შემდეგ ხდება ინდ.მეწარმისათვის თანხის ანაზღაურება.
_უწევთ თუ არა კონტროლს ამ საქმიანობას?
_ რა თქმა უნდა, ვუწევ და გავუწევ. საკრებულოს მომდევნო სხდომაზე ვაპირებ, მოვისმინო ინფორმაცია, სტიქიით მიყენებული ზარალის შედეგად შესრულებული სამუშაოების შესახებ. შევაფასებთ, როგორ შეასრულა ეს სამუშაოები გამგებელმა.