მწერლის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩოხატაურში უამრავი სტუმარია ჩამოსული. მწერლები, პოეტები, კინორეჟისორები, პარლამენტარები, მინისტრები. ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც ელოდებიან.
ღონისძიებები უკვე დაწყებულია. ამის პარალელურად კი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სკვერთან ახლოს, სადაც ღონისძიება მიმდინარეობს, მოსიერნე ძროხებს დასდევენ. სკვერის ირგვლივ არსებული სანიაღვრე არხები კი ნაგვით არის სავსე.
_ სანიაღვრე არხები რომ გაეწმინდათ, ადგილობრივ ხელისუფლებას არაფერი დაუშავდებოდათ, _ საყვედური არ დაუმალავთ პარლამენტარ სტუმრებს.
აღსანიშნავია, რომ წუხელ გვიან ღამით, ჩოხატაურის ცენტრალური ქუჩა, სახანძრო მანქანების დახმარებით გადარეცხეს. დღეს კი ჩოხატაურში წყალი არ არის, რამაც სტუმრების უკმაყოფილება გამოიწვია.
_ამ სკვერში შადრევანი ზრდილობის გულისთვის დგას და სირცხვილისგან ფერი აქვს შეცვლილი, _ ასე დაამშვიდა მოწყურებული სტუმარი ერთ-ერთმა ადგილობრივმა.