ამასთანავე, ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების სამინისტროები აწარმოებენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებებს, რათა მოხდეს მედიკამენტების ფასების მნიშვნელოვანი შემცირება და საქართველოში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის C ჰეპატიტის მკურნალობა გახდეს ფინანსურად ხელმისაწვდომი. ამ პროექტთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” კომენტარს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აკეთებს.
_ ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების ერთობლივი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია პატიმრებისთვის. რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები და რა შედეგებს მიიღებენ ადამიანები, რომლებიც C ჰეპატიტით არიან დაავადებულები?
_ ზოგადად, C ჰეპატიტის მკურნალობა მთელს მსოფლიოში მოითხოვს ძალიან დიდ თანხებს და მძლავრი ეკონომიკის ქვეყნებსაც ყველას არ შეუძლია მთლიანად უზრუნველყოს საჭიროებები, ამიტომ ყველა იყენებს თავის მიდგომას. ჩვენს შემთხვევაში, რამდენიმე წლის წინ, მიდგომა იყო ასეთი, რომ გამოიყო განსაკუთრებით მაღალი რისკ-ჯგუფი ც ჰეპატიტით დაავადებულებში, ეს იყო შიდსთან ასოცირებული და მძიმე კლინიკური მიმდინარეობით, რასაც სახელმწიფო აფინანსებს რამდენიმე წელია. პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ჩვენ ვფიქრობთ,რომ პროექტის გაფართოება გავაკეთოთ ნაბიჯ-ნაბიჯ. მეორე ნაბიჯი იყო სწორედ ამ პროექტის განხორციელება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. პროექტის მოდულირებით ველოდებით, რომ ამით ჩვენ მივაღწევთ პრობლემების მნიშვნელოვან გადაჭრას. შეიძლება ამან ჩვენ მოგვცეს იმის საშუალება, რომ მედიკამენტების ღირებულება გავანახევროთ.
ჯგუფი მუშაობს C ჰეპატიტის პროექტზე და შემდეგი გაფართოება შესაძლებელი გახდება 2014 წლიდან. ჩვენ გვესმის, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ბიუჯეტი არ არის რაღაც განუსაზღვრელი.