მიუხედავად იმისა, რომ “ნაცმოძრაობა” 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, ციხეებში ე. წ. “მაყურებლების ინსტიტუტის”, “ობშიაკების” და ნარკოტიკების არარსებობაზე საუბრობდა, ეს “ინსტიტუტი” მაინც მუშაობდა.
“გურია ნიუსთან” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ “ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც დამხვდა, დახვდა ჩემს წინამორბედებსაც. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის აღმოფხვრილი”.
მინისტრი სუბარი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების შემდეგ, ეს თემა მინიმუმამდე დავა. თუმცა, აცხადებს, რომ ლიდერები მსოფლიოს ყველა ციხეში არიან: “იმედი მაქვს, როდესაც დავამთავრებ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როცა მოხდება კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანების და ჩვეულებრივი შემთხვევითი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების სრული გამიჯვნა, ეს თემა მინიმუმამდე დავა. ზოგადად, კრიმინალური ავტორიტეტები _ ლიდერები მსოფლიოს ყველა ციხეში არიან. ნებისმიერ საბავშვო ბაღში ერთი-ორი ბავშვი გამოერევა, რომელიც თავის ტოლებში ლიდერია. იქ, სადაც 2 000 ერთად სეირნობს, იქ, სადაც არ არის საკნები და ერთ სივრცეში 2 000 კაცს სძინავს, გინდათ ლიდერი არ იყოს? ასეთი რამე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ვამბობ, ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება, რომელსაც ახლა ვაკეთებთ, არის ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა. მსოფლიოში ნარკოტიკებისგან თავისუფალი ციხე არ არსებობს. მე რომ ვთქვა, საქართველოს ციხეებში ნარკოტიკი არ შედის, არ ვიქნები მართალი. თუმცა, რომ გითხრათ, ძალიან ბევრი გვაქვს აღმოჩენილი, ასეც არ არის. წინა წლებში, სააკაშვილის პერიოდში ნარკოტიკის შეტანის ფაქტზე წელიწადში დაახლოებით 100-მდე საქმის აღძვრა ხდებოდა. მათი ციხეში შეტანის მილიონი მეთოდი არსებობდა,” _ აცხადებს “გურია ნიუსთან” სოზარ სუბარი.