_ ის ხან 2006 წელს კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის მონაწილეა, ხანაც პირველი ადამიანი, ვინც სანდრო გირგვლიანის გვამი საეჭვო ვითარებაში აღმოაჩინა. მებონიამ რამდენიმეწლიანი სამსახურის შემდეგ პოლიციის რიგები ისე დატოვა, რომ საზოგადოებას მისი მოღვაწეობის შესახებ არაფერი გაუგია.
ორი დღის წინ ყოფილმა პოლიციელმა მებონიამ ერთ-ერთ მედია საშუალებას ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე გააუპატიურეს.
“ვნახე ლევან ბუხაიძე, რომელიც იყო აბსოლუტურად შიშველი, არათუ ტანსაცმელი, ფეხსაცმელიც არ ეცვა. შოკში იყო, კანკალებდა და ფორმიანი პოლიციელების დანახვაზე ისტერიკაში ვარდებოდა _ “გეხვეწებით, არ მომკლათო”, მოთქვამდა. ვნახე შიშველი ცხედარი, რომელსაც შარვალი კოჭებამდე ჰქონდა ჩახდილი, ფეხსაცმელი არ ეცვა და მთელი სხეული დასერილი ჰქონდა. ცუდად გავხდი ამის დანახვაზე, თოვლში ჩავჯექი და 40 წუთი სიგარეტს ვეწეოდი. ვინც ეს გააკეთა, ისინი ადამიანები არ არიან, ისინი არიან ცხოველები. იქიდან გამომდინარე, რაც ჩემი თვალით ვნახე, მე ვეჭვობ, რომ ამ ცხოველებმა სანდრო გირგვლიანიც და ლევან ბუხაიძეც გააუპატიურეს. იბადება კითხვა: თუ კაცის ცემა, წამება და მოკვლა გინდა, ტანსაცმელს რატომ ხდი და რატომ აშიშვლებ? რატომ იყო შიშველი სანდროს ცხედარი და რატომ იყო შიშველი ლევან ბუხაიძე”, – აცხადებს გელა მებონია.
“გურია ნიუსი” შს მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს დავით კუპატაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს რომ მებონიას განცხადებებს ვერ შეაფასებს, მაგრამ მის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები სიმართლეს არ შეესაბამება: _ მებონიას განცხადებები ძალიან უცნაურია, რადგან იმ დროისთვის ის ამ ფაქტებს ვერ დაადგენდა. სანდრო გირგვლიანის გვამის მოსაძებნად პოლიცია დანაშაულის მეორე დღეს გავიდა. შეიძლება, მებონიაც იყო ამ ჯგუფში, რადგან ის იმ დროს მთაწმინდა-კრწანისის პოლიციაში მუშაობდა, თუმცა, შეიძლება არც იყო, მაგრამ იმის თქმა რომ მან პირველმა იპოვა გვამი, სრული აბსურდია. პოლიცია და სანდრო გირგვლიანის მეგობრები ერთად ეძებდნენ დაკარგულს. მებონიაც ამ ჯგუფში იქნებოდა, თუ იყო საერთოდ. რას ნიშნავს მარტო მივიდა, პირველმა იპოვა? მებონია თუ იყო შემთხვევის ადგილზე, აუცილებლად სხვა თანამშრომლებთან ერთად იქნებოდა და ამ შემთხვევაში შიშველი გვამი, რასაც მებონია აღწერს, სხვებსაც უნდა ენახათ.
_ მებონია აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანს შარვალი ჰქონდა ჩაწეული.
_ სანდრო გირგვლიანი ზუსტად იმ პოზაში ვიპოვეთ, როგორც იმ ცნობილ ფოტოზეა ასახული _ წელზევით შიშველი ახალგაზრდა ნაწამები კაცი თოვლში წევს. ეს არის შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო. გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, დასკვნაში არაფერია ნათქვამი გაუპატიურების შესახებ. ეს ვერსია არც კი განიხილებოდა, არანაირი სამხილი არ არსებობდა საამისოდ.
როგორც მებონიას ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, მას ლაპარაკს და განცხადებების გაკეთებას ვერავინ დაუშლის, რადგან ცილისწამება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება არ არის.
“თუ მებონია საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია, მოეშვას მედიით მანიპულირებას და პროკურატურას მისცეს ჩვენება. მაგრამ ამას არ აკეთებს, რადგან იცის, რომ ცრუ დასმენა ან ცრუ ჩვენების მიცემა მას ციხემდე მიიყვანს,” _ ამბობენ მებონიას ყოფილი კოლეგები.
მებონიას განცხადებას სანდრო გირგვლიანის მეგობარი ლევან ბუხაიძე გამოეხმაურა: “დღეს ვნახე ცილისწამებლური და პროვოკაციული ინტერვიუ ყოფილ პოლიციელ, ვინმე გელა მებონიასთან. გაოგნებული ვარ _ ადამიანებს სადამდე შეუძლიათ დაცემა. გარდა იმისა, რომ მთელი ინტერვიუ ფაქტობრივად, საკუთარი თავის რეაბილიტაციის მოსურნე ბინძური პოლიციელის მონაჩმახია და ძალიან ჰგავს დაგეგმილ პროვოკაციას, ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვხდები, რისი მიღწევა გინდა ამ ტყუილებით, მაინც მთავარი ისაა, რომ მხოლოდ ეჭვის დონეზე, ყოფილი პოლიციელი არათუ ჩემთან დაკავშირებით ცრუობ, არამედ არც გარდაცვლილის პატივისა და ღირსებას ინდობ…
ინტერვიუში შენს აბსოლუტურ ბოდვასთან დაკავშირებით გეკითხები: საიდან მოიგონე ამდენი ტყუილი? რის მიღწევას ცდილობ? აქამდე შენს ბოდვებზე რეაგირებას არ ვახდენდი, რადგან არასერიოზულად მივიჩნევდი ჩვენს საქმესთან დაკავშირებით შენს განცხადებებს, მაგრამ ინტერვიუს შემდეგ _ ყოველგვარ ზღვარს გადახვედი და შესაბამის, ოფიციალურ პასუხსაც მოგთხოვ _ პატივისა და ღირსების შელახვისთვის! რაც მთავარია, სანდროს სულის შეურაცხყოფისთვის!
აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხვდები, რაში სჭირდება გაზეთს ასეთი შეურაცხმყოფელი ჭორაობა, მაშინ როცა შეეძლოთ და ვალდებულებიც იყვნენ მებონიას ბოდიალზე კომენტარი ეთხოვათ ჩემთვის, მით უმეტეს, რომ ცოცხალი ვარ და პასუხის გაცემა შემეძლო ამ პროვოკაციულ ტყუილზე! ყველას მოგმართავთ, განსაკუთრებით ჟურნალისტებს _ იმ ავბედით დანაშაულსა და სანდროს ტრაგიკულ სიკვდილზე ნურავინ აპიარებთ მებონიასნაირი პროვოკატორებს და ნუ ცდილობთ ამით საკუთარი გამოცემის რეიტინგის გაზრდას,” _ ეს განცხადება ბუხაიძემ ფეისბუქით გაავრცელა.