სატყეო სააგენტოს უფროსის, ბიძინა გიორგობიანის თქმით, ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა ისიც კი არ იციან, როგორ უნდა მოიჭრას ხე. ტყეში მომუშავე პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერთიფიკატი, სწორედ ამიტომ სამინისტრო პროფესიული ჩვევების სასწავლო ცენტრს ქმნის.
“გერმანიის განვითარების ფონდთან” გვქონდა მოლაპარაკებები. მართვის სპეციალისტები იყვნენ ჩამოსულები და დავათვალიერეთ შენობა. წიწამურში სატყეო სააგენტოს ბალანსზე არის შენობა, რომელიც საფუძვლიან რეაბილიტაციას საჭიროებს. ახალ სატყეო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება ნასწავლი პერსონალი, რომელიც იმუშავებს ტყეში და მე მინდა, რომ ეს სასწავლო ცენტრი იქნას რეაბილიტირებული”, _ განაცხადა ჩვენთან საუბარში გიორგობიანმა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თქმით, პროფესიული ცენტრისთვის თანხებს გერმანული მხარე გაიღებს.
პროფესიული ჩვევების სასწავლო ცენტრის აუცილებლობაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ხათუნა გოგალაძემაც ისაუბრა: “გერმანიაში ვნახე ამგვარი ცენტრი. სადაც ყველაფერს ასწავლიან, როგორ უნდა მოიჭრას ხე, როგორ გაილესოს ხერხი და ა.შ. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ტყეში პროცესი წარიმართოს სწორად”, _ აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ტყის პრობლემატიკაზე “გურია ნიუსმა” წინა კვირაშიც გამოაქვეყნა სტატიები, სადაც ექსპერტი სატყეო საკითხებში მერაბ მაჭავარიანიც უსვამდა ხაზს, სპეციალისტების ნაკლებობაზე სატყეო სექტორში. მაჭავარიანი ამბობდა, რომ სატყეო სექტორში არაპროფესიონალები შეიყვანეს, გარდა ამისა პერსონალის რაოდენობა შემცირდა, სატყეო უბნები გამსხვილდა და ერთი მეტყევე ვეღარ აკონტროლებდა მისთვის ჩაბარებულ უზარმაზარ ტერიტორიებს.
ბიძინა გიორგობიანის თქმით, სასწავლებლის შენობის რეაბილიტაციის პროცესი შემოდგომიდან უნდა დაიწყოს და გაზაფხულისთვის დასრულდეს.