რადგან არსებულ სისტემას, უკვე 20 წელზე მეტია, ძალიან ბევრი ხარვეზი გააჩნია. მისი თქმით, ყველა საერთაშორისო კომისია ქართულ მხარეს რეკომენდაციას აძლევს, რომ არსებული მაჟორიტარული სისტემა შეიცვალოს, რადგან მისი დაყოფა არათანაბარი და არაპროპორციულია. ხმალაძის თქმით, შესაძლოა, მაჟორიტარული სისტემის სრულიად შეცვლა და რეგიონული სისტემის შემოღება გახდეს აუცილებელი. მისი თქმით, ეს კარგად იმუშავებს და არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს. საარჩევნო სისტემის შეცვლა მას შემდეგ გახდა აქტუალური თემა, რაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.
“ჩვენ საარჩევნო სისტემას ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს 1990 წლიდან მოყოლებული. ეს არის პროპორციული და მაჟორიტარულის შერეული სისტემა. ერთმანდატიანი ოლქების საზღვრები გათვალისწინებულია ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა ოლქები. ყველაზე მცირე არის ყაზბეგის საარჩევნო ოლქი და ყველაზე დიდი ოლქებია ქუთაისი, გლდანი, ნაძალადევი. ეს არის მიჩნეული თანასწორობის პრინციპის სერიოზულ დარღვევად. ყველა რეკომენდაციაში _ იყო ეს ვენეციის კომისია, ევროსაბჭო თუ ევროკავშირი, ყველა დასკვნაში მითითებულია, რომ გამოვასწოროთ გამოასწორეთ ხარვეზი. არ შეიძლება ოლქის ზომები ერთმანეთისგან 10-15 %-ზე მეტად განსხვავდებოდეს. ამის გაკეთება შეიძლება სხვადასხვა საარჩევნო სისტემის მეშვეობით, მაგრამ ყოვლად აუცილებელია ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა, მიბმული ადმინისტრაციულ ერთეულებზე, შეიცვალოს.
ერთ-ერთი ბოლო რეკომენდაციაში ეწერა: ვინაიდან თქვენ თქვენი ადმინისტრაციული მოწყობის გამო ვერ უზრუნველყოფთ ოლქების თანაბრობას, ამიტომ რეკომენდაციას გაძლევთ, გამოიყენოთ რეგიონული პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაიყოს რამდენიმე დიდ საარჩევნო ოლქად. თითოეულ ოლქს მიეკუთვნება მანდატები პროპორციულად, ამ ოლქში ამომრჩევლის რაოდენობის თანაფარდობით. ოლქებში არ იქნება ძალიან დიდი სიები. ჩვენი საარჩევნო სიების სისტემის მიხედვით, სიაში არის 77 კანდიდატი და ამომრჩეველს უჭირს ამაში გარკვევა. დიდი ოლქების შექმნის შემთხვევაში, თითოეულ პარტიულ სიაში იქნება 7-დან 18 კანდიდატამდე. ამით ამომრჩეველს კარგად ეცოდინება, ვინ არიან ეს კანდიდატები. თან დაცული იქნება პროპორციულობის პრინციპი. მე ვფიქრობ, ასეთი სისტემა კარგად იმუშავებს,” _ განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.