გვესაუბრება ფილმის რეჟისორი თემო კვირკველია.
_ ბატონო თემო, რა მისიით ჩამოხვედით ჩოხატაურში?
_ ჩვენ ვაკეთებთ დოკუმენტურ ფილმს ჩოხატაურის თეატრზე _ თუ როგორ მიმდინარეობს რეპეტიციები და რა გზებს გადის შემოქმედებითი ჯგუფი პრემიერამდე. ეს არის, ე.წ. “ლაივ დოკუმენტალისტიკის” ჟანრი, რომლის ძირითადი ნაწილი არის დაკვირვება. კამერა აკვირდება მიმდინარე მოვლენებს ისე, თითქოს არც არსებობს, ანუ მაყურებელმა არ უნდა იგრძნოს ბარიერი. ტექნიკურ მხარეზე თუ ვისაუბრებთ, ვცდილობთ, ჩვენი კამერა იყოს მაქსიმალურად პასიური და ყურადღება არ მიიქციოს თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით. ის, რაც ხდება კამერის წინ, უნდა იყოს ის, რაც კამერის გარეშეც მოხდებოდა. რა თქმა უნდა, ამ ფილმს აქვს თავისი დრამატურგიული ხაზი, ანუ არის ჩანაფიქრი, მაგრამ ეს როგორ განვითარდება და რომელ ხაზს გავყვებით, ამას, ვიდრე მასალას არ ავკრეფთ ბოლომდე, არ გამოჩნდება. ზოგადად, ყველა ადვილად დაინახავს, რომ რაიონში გაცილებით უფრო მეტი პრობლემა არის შემოქმედი ადამიანისთვის, ვიდრე დიდ ქალაქებში. ასევე, საინტერესო და გასაკვირია, თუ რა არის თეატრში დაკავებული სცენისმოყვარეების მოტივაცია. მათ, გარდა თეატრისა, აქვთ ყოველდღიური ცხოვრება, ყოველდღიური საქმიანობა, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ შორი მანძილით _ 8-10 კილომეტრითაა დაშორებული რაიონის ცენტრს და ამ მანძილის გავლა, უმეტეს შემთხვევაში, ფეხით უწევს. ესეც, რა თქმა უნდა, სირთულეს ქმნის. გასაკვირია, რა არის ისეთი ძვირფასი ამ ადამიანებისთვის ჩოხატაურის სახალხო თეატრში, რისთვისაც ისინი მზად არიან მრავალი სირთულის გადასალახად. ალბათ, მთავარი პრობლემა ეს არის… რა ფორმით მოვყვებით ამას, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
_ რამ განაპირობა არჩევნის ჩოხატაურის თეატრზე გაკეთება?
_ ბავშვობიდან მოწამლული ვიყავი გურული იუმორით. ყოველ ზაფხულს დავდიოდი გურიაში, კერძოდ, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში, სადაც ბებიაჩემის და ცხოვრობდა. გაოცებული ვიყავი ამ ადამიანის და, საერთოდ, იქაური მეზობლების ხალასი იუმორით. როცა გაჩნდა იდეა, რომ გაკეთებულიყო ფილმი რეგიონულ თეატრზე, მე გურია ავირჩიე. გურული იუმორი ჩემთვის განსაკუთრებულია და მინდოდა ამ კუთხისთვის დამახასიათებელი სხარტი იუმორი ჩართულიყო ფილმში. ასეთი სახის ფილმების 90% არის სევდიანი, ტკივილიანი, მათგან ნეგატიური იმპულსები მოდის. არ მინდა, ეს ფილმი დამძიმებული იყოს. როცა ფილმში პრობლემებს აჩვენებ და ეს პრობლემები გაჯერებული იქნება იუმორით, მაშინ სხვა ტიპის ფილმი იქნება და არ იქნება მძიმე საყურებელი.
_ იქნება თუ არა ფილმში იუმორი იმ დოზით, რომ იგი პრობლემებს გადაფარავს და არ იქნება მაყურებლისთვის მძიმე საყურებელი?
_ იცით რა, ძალიან ძნელია კამერის წინ აჩვენო ზუსტად ის იუმორი, რომლითაც ყოველდღიურად, ასე ვთქვათ, საზრდოობ. ამას სჭირდება დრო. ჩვენ ვცდილობთ, როცა ინტერვიუებს ვწერთ, მსახიობები მაქსიმალურად გავხსნათ, კომფორტი შევუქმნათ და ზუსტად ის იუმორი გადმოვიდეს მათგან, რა იუმორიც რეალურად არსებობს.
_ კმაყოფილი ხართ მოპოვებული მასალებით?
_ პრინციპში, კმაყოფილი ვარ. თუმცა, მეტი ხნით დარჩენის საშუალება რომ გვქონოდა, უკეთესი იქნებოდა _ მსახიობები უფრო გაგვიშინაურდებოდნენ და უფრო თავისუფლად იგრძნობდნენ თავს. ბევრი შემოგვყურებს სკეპტიკურად, არ იციან, რატომ იღებენ ამ ფილმს და რა გვინდა, რომ გამოჩნდეს იქ. სანამ ეს ეჭვები გაქრება და გადავალთ ადამიანურ ურთიერთობებზე, ანუ ის პროცესი, რაც საინტერესოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყება, თუმცა, ვფიქრობ, რომ კარგი ნაბიჯები უკვე გადავდგით.
_ როგორც ვიცით, ფილმის სათაურის საბოლოო ვერსია ჯერ არაა ცნობილი…
_ ჯერჯერობით, არ ვართ ჩამოყალიბებული, რა იქნება ფილმის საბოლოო სათაური. მინდა ისეთი ფრაზა, ისეთი რეპლიკა წავიღო აქედან, რაც დაგვეხმარება სათაურის შერჩევისას.
_ როგორ ფიქრობთ, ჩოხატაურის სახალხო თეატრის ყოფაზე გადაღებული ფილმი დააინტერესებს მაყურებელს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც?
_ დარწმუნებული ვარ, რომ ფილმი საინტერესო იქნება ნებისმიერი ქვეყნის მაყურებლისთვის.
_ როდის იქნება ფილმის პრეზენტაცია?
_ ჩვენი სურვილია, თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ფილმის პრეზენტაცია შედგეს ჩოხატაურში. სექტემბერში ფილმი ნაჩვენები იქნება საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით.
_ გაგვაცანით თქვენი შემოქმედებითი ჯგუფი…
_ ფილმზე ჩემთან ერთად მუშაობს პროდიუსერი, 12 დოკუმენტური ფილმის ავტორი, ნინო კაკაურიძე და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ოპერატორი ლევან ლეკიაშვილი.
_ რას ეტყვით “გურია ნიუსის” მკითხველს?
_ აქ ყველა ადვილად დაინახავს, რომ ადამიანები მოწყურებულები არიან კულტურულ საზრდოს, კულტურულ ჰაერს. ეს, ალბათ, სამაგალითოა ყველასთვის, ამიტომაც გისურვებთ, რომ ხელოვანი ადამიანები, მუდამ შემოქმედებით ძიებაში და ღვაწლში იყვნენ, რათა ჩოხატაურელმა მაყურებელმა ხშირად ნახოს საინტერესო სპექტაკლები, მაღალ დონეზე მომზადებული კონცერტები და შემოქმედებითი საღამოები, რომელსაც “გურია ნიუსი” მაქსიმალურად გააშუქებს.