დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ შს სამინისტროში განსაკუთრებით ინტენსიურად დაიწყეს ავტომანანების შესყიდვა და სხვა უწყებებისათვის გადაცემა. ყველაზე ძვირადღირებული მანქანა საპატრიარქოს ერგო. შს სამინისტრომ “მერსედეს S500”-ში 110 ათასი ევრო გადაიხადა.
2012 წლის 4 ივლისს შს მინისტრად ბაჩანა ახალაია დაინიშნა. 5 დღის შემდეგ მინისტრმა საპარტიაქოს ძვირფასი საჩუქარი გადასცა. 2012 წლის 9 ივლისს შს სამინისტრომ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, შპს “აკასთან” გამარტივებული შესყიდვის საშუალებით “მერსედეს S500”-ის შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა. მანქანის ღირებულება შეადგენდა 110 ათას ევროს. აუდიტორული მტკიცებულებით აღნიშნული მანქანა საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა .
2012 წლის 19 ივლისს, შს სამინისტრომ ასევე გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ი. მ. “კოტე ჩხეიძესთან” 2 ავტომანქანის შესაძენად გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება გააფორმა.
გათვალისწინებული იყო 2007 და 2008 წლებში გამოშვებული “ტოიოტა პრადოს” მარკის ა/მ-ების მიწოდება, რომლებსაც 136.0 ათასი და 125.0 ათასი კმ. ჰქონდათ გარბენილი. შს სამინისტრომ თითოული მანქანა 27.15 ათას აშშ დოლარად იყიდა, რაც საბაზრო ფასთან შედარებით დაუსაბუთებლად მაღალია.
გარდა ამის, შს სამინისტროს მიერ, მარტო 2012 წლის 1-იდან 6 აგვისტოს ჩათვლით, ძირითადად ფიზიკური პირებისაგან შესყიდულია 19 ერთეული ავტომანქანა. ცხრამეტივე ხელშეკრულება გაფორმებულია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით წინასწარ დაუგეგმავად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, თუმცა, შესაბამისი არგუმენტაცია აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინეს.. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მარტო 2012 წლის 6 ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით, შს სამინისტროს საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის გადაცემული აქვს მის საკუთრებაში არსებული 1,608.6 ათასი ლარის ღირებულების 29 ერთეული მაღალი კლასის ავტომანქანა, რაც არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ლოგიკურად, რადგან ამავე პერიოდში იგი გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით სასწრაფოდ აწარმოებდა სხვა ავტომანქანების შეძენას.
ბაჩო ახალაიას შს მინისტრობა 2 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ამ ხნის მანძილზე მან შს სამინისტროს ბიუჯეტიდან ათობით მანქანის ყიდვა და გაჩუქება მოასწრო.