იმერეთი ერთ-ერთი პირველი რეგიონია, სადაც კომისიის წევრები მომართვის ავტორებს შეხვდებიან, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებებს მოისმენენ და საქმეების არსებით განხილვას აწარმოებენ. იმერეთის რეგიონიდან კომისიის სახელზე სულ 48 განაცხადია შემოსული. მათგან, 19 დირექტორია, 25 პედაგოგი, ხოლო 4 რესურსცენტრის ყოფილი თანამშრომელი.
კომისიის წევრები ანალოგიურ შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამართავენ. ამ გადაწყვეტილებით, ადამიანებს, რომელთაც სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი და მორალური ზიანი მიადგათ, აღარ მოუწევთ დედაქალაქში ჩამოსვლა, რაც მათ დამატებითი ფინანსური ხარჯებისაგან გაათავისუფლებს. რეგიონებში შეხვედრების ორგანიზება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც განათლების სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რამდენიმე თვის განმავლობაში იმ პირთა დავებს სწავლობს, რომელთაც სამინისტროს განცხადებით მიმართეს.
პირველადი განხილვის შემდეგ კომისია დასკვნებს მოამზადებს, რომელიც თავისი შინაარსით სამინისტროსათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა ვინაიდან, კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.