ჭების გაკეთებას, მეთვალყურეობის დაწესებას და ა.შ. ეს ქაოტური ნაგავსაყრელები, რაც არსებობს, ეტაპობრივად უნდა მოვაწესრიგოთ. ქუთაისთან ახლოს იწყება ახალი თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება იმერეთს და რაჭა-ლეჩხუმს. ეს იქნება ცივილური ევროპული ტიპის ნაგავსაყრელი, რომლის მშენებლობისთვის 2 წელია გამოყოფილი”, – ეს განცხადება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ “გურია ნიუსთან” ინტერვიუს დროს გააკეთა.
ნაგავსაყრელის აშენებას ქუთაისში დადებითად აფასებს “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე: “ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნიკეაზე ნაგავსაყრელის არსებობა პრაქტიკულად აღარ შეიძლება. ანუ აქ ორი საკითხია, ერთი რომ ახალი უნდა აშენდეს, მეორე _ ნიკეას ნაგავსაყრელის კონსერვაცია უნდა მოხდეს. თუ ეს იქნება თანამედროვე ნაგავსაყრელი, მისასალმებელია. ამ საკითხზე განხილვები იყო ქუთაისშიც და თუ ასე გამჭვირვალედ წარიმართება პროცესი, კარგი იქნება”.
ნაგავსაყრელების მშენებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ასევე ნარჩენების სეპარირების საკითხი. ევროპაში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ცალ-ცალკე აგროვებენ. ქუჩაში დგას სხვადასხვა სანაგვე ყუთი და მოსახლეობა თავად ახარისხებს ნარჩენებს. ამგვარი მიდგომა გარემოს ნაკლებ ეკოლოგიურ ზიანს აყენებს. ერთად არ ხვდება ცელოფნის პარკები, საკვები პროდუქტები, თუ სხვა ნარჩენი და მათი მეორადი სარგებლობისთვის გამოყენებაც გადამუშავების შემდეგ უფრო უსაფრთხო ხდება.
ნინო ჩხობაძე საქართველოში მსგავსი პროცესის დაწყებაზეც აკეთებს აქცენტს; “ბიოლოგიური და არაბიოლოგიური ნარჩენი უნდა იყოს განცალკევებული. თუ თვითმმართველობებმა არ გაავრცელეს შესაბამისი გეგმები, ეს იქნება რთული პროცესი, ანუ შეუძლებელია სხვაგვარად დიდხანს დარჩეს ახალი ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში. ახლა დაიწყო კამპანია _ “დავასუფთაოთ საქართველო”, რომელშიც ჩვენც ვართ ჩაბმული _ “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა _ დედამიწის მეგობრები”. ჩვენი ამოცანაა, სეპარირების უნარ-ჩვევების გამომუშავებისკენ მოვუწოდოთ საზოგადოებას, ასევე იმისკენ, რომ ტერიტორიებზე ნარჩენის მინიმიზაცია მოხდეს”.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა ნარჩენების სეპარირება საქართველოში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გვპასუხობს: “პირველ რიგში მოქალაქეები უნდა იყვნენ ამისთვის მზად, რომ დაახარისხონ და ბუნკერში ერთად არ ჩაყარონ სხვადასხვა ტიპის ნაგავი. ამას ცნობიერების ამაღლება სჭირდება. მეორე _ ბუნკერები უნდა იყოს აუცილებლად ცალ-ცალკე. ამას დიდი ინვესტიცია სჭირდება, ნაგვის მანქანებიც უნდა იყოს ცალ-ცალკე სეპარირებული. ანუ ამას სჭირდება მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება პლუს ძალიან დიდი რესურსი. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავიწყოთ და მივიდეთ შედეგამდე. ეს ერთი ხელის მოსმით ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც არ გაკეთებულა, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა ნამდვილად დასაწყებია”.