აღნიშნული გზის მოწყობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 95-114 (რუისი-aგარა) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რუისი-აგარის შემოვლითი გზის მონაკვეთი შეეხება 489 კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთს, რომელთაგან 418 მესაკუთრესთან უკვე გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილია შეთანხმებული განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხები.
ადგილობრივ მოსახლეობას კი საკომპენსაციო თანხები არ ყოფნის. სოფელ არგვეთაში მცხოვრები დათო კობახიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გზების მშენებლობისთვის სახელმწიფოს სესხი აქვს აღებული, რაც მომავალში მათი გადასახდელია. ამას კი ვერ მოახერხებენ, თუ არ მიეცათ საშუალება საკუთრება გამოიყენონ და თავადაც მიიღონ სარგებელი: “პირადად მე 110 მეტრზე მპირდებიან კომპენსაცის, სინამდვილეში მეტია. 1კვ. მეტრზე 3 ლარი რა არის? რა კრიტერიუმებით მოხდა შეფასება, არ ვიცი. დაგვიბარეს სოფლის გამგეობაში, ულიმატუმის სახით გვითხრეს, რომ ამ კომპენსაციას უნდა დავთანხმებოდით. ზოგი დათანხმდა კომპენსაციას. ეშინიათ, სახელმწიფო მაინც წაგვართმევსო. აქ სასოფლო სავარგულები გვაქვს. ყველაფერი დარეგისტრირებულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქ თუ მაგისტრალი გაივლის, ჩვენ აღარ გვექნება კომერციული მოგების მიზნით რამე ავაშენოთ და ამით ჩვენც ვისარგებლოთ”.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლის ლიკა წიკლაურის თქმით, მოსახლეობას გარკვეულწილად მართლაც შეეზღუდებათ გზის გასწვრივ რაიმე სახის მშენებლობა: “საკუთრებაში შეჭრას უშვებს კანონი, თუ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება არსებობს, გადის გზა, რკინიგზა და ა.შ. მაგრამ ამაზე ჯერ უნდა გამოიცეს აქტი, სადაც დასტურდება რომ მართლაც არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება. ვინც გამოსცემს ამ აქტს, ვალდებულია მიმართოს ხალხს და წერილობით აუხსნას, რატომ იჭრება მათ საკუთრებაში. შესთავაზოს კომპენსაცია. თუ არსებობს ეს აქტი და არ ყოფნით კომპენსაცია, შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ სასამართლოში და მოითხოვონ უფრო მეტი. მით უმეტეს, თუ საკუთრების მოწმობები აქვთ. ამ შემთხვევაში, კანონში წერია, რომ მოქალაქეები თავისუფლდებიან სასამართლო ბაჟიდან. ანუ, მათ აქვთ ორი გზა ამ შემთხვევაში: შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფოს და მოითხოვონ უფრო მეტი კომპენსაცია, ან იბრძოლონ სასამართლოს გზით”, _ ამბობს ის.
რაც შეეხება კომპენსაციის დაანგარიშების წესს, როგორც საგზაო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული აუდიტორული დასკვნის შედეგად ირკვევა, ასანაზღაურებელი კომპენსაციის საბაზრო ღირებულების გამოანგარიშება სპს “კირკიტაძე და კომპანიამ” ს/ნ 216310150 ავტობან რუისი-რიკოთის გზის მონაკვეთზე, შპს “დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანია აუდიტესკორტს” დაუკვეთა.
ამ კომპანიის შემფასებლებმა ზუბიკო შავდათუაშვილმა და მინდია ტაბაღუამ განსაზღვრეს სწორედ, როგორც აუდიტორულ დასკვნაშია მოცემული, შეფასების საერთაშორისო კომიტეტის სტანდარტების მიერ 2007 წელს გამოქვეყნებული მე-8 გამოცემის შესაბამისად, როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, ასევე პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული უძრავი ქონებების ღირებულებები.
აღნიშნული დასკვნის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 1 კვ. მ-ის ღირებულება 3 ლარით, ხოლო არასასოფლო-სამეორნეო მიწის ნაკვეთის ფასი 5 ლარით განისაზღვრა. დაანგარიშებულია ასევე მრავალწლიანი ნარგავების საკომპენსაციო ღირებულებაც.
დასკვნაში წერია, რომ შემფასებლები გადმოცემულ შედეგებში ეყრდნობიან საკუთარ ცოდნას და ადასტურებენ, რომ არ აქვთ შესაფასებელი მიწის მიმართ ინტერესი.
ფასების დაანარიშების ამგვარი მეთოდების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, განსაზღვრული ფასი მათთვის მისაღები არ არის. რაც შეეხება მათ წერილობით გაფრთხილებას, რაზეც იურისტი ლიკა წიკლაური საუბრობდა, ამის მსგავსი არაფერი მიუღიათ.
“რაც შეეხება მოსახლეობის უკმაყოფილებას, ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდებოდა ინდივიდუალურად მესაკუთრეთა მხრიდან ნების გამოხატვის შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსხურებში (მარტივი გარიგების ხელშეკრულებების დამოწმების უფლებამოსილება სარეგისტრაციო სამსხურებს აქვთ მინიჭებული). ხელშეკრულებების გაფორმებაზე მათი ზეპირი თანხმობის შემდეგ წერილობითი შეტყობინებები აღარ ეგზავნებოდა მესაკუთრეებს”, _ აცხადებს საგზაო დეპარტამენტი.
“როდესაც ზეპირი გაფრთხილება ხდება, შესაძლებელია, მართლაც აღარ მიუვიდეს მოსახლეობას წერილობით ამის შესახებ ინფორმაცია”, _ ამბობს ლიკა წიკლაური.
ფონდ “საერთაშორისო გამჭვირვლობა _ საქართველოს” წარმომადგენლის, ეკატერინე ბოკუჩავას განცხადებით, თუ მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ 3 ლარი 1კვ.მ-ზე არ არის ადკვატური თანხა მათ საკუთრებასთან, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ალტერნატიული ექსპერტიზა, რომ დადგინდეს, რამდენია ნაკვეთების რეალური ღირებულება. ეს კი თანხებს მოითხოვს, რომელიც ვიღაცამ უნდა აიღოს თავის თავზე: “მართალია ჩვენი ფონდი მოსახლეობას საკუთრების უფლების დაცვაში ეხმარება, მაგრამ ჩვენი პროექტი ალტერნატიული ექსპერტიზის თანხების გადახდას არ ითვალისწინებს. თუ მოსახლეობას უნდა რეალური ფასის დადგენა, მათ თავად მოუწევთ ექსპერტიზის ღირებულების გადახდა და შემდეგ შეუძლიათ მოსთხოვონ სახელმწიფოს თავიანთი საკუთრების რეალური ფასის ანაზღაურება”, _ აცხადებს ბოკუჩავა.
ჩვენ დავინტერესდით, თუ მიმართა მოსახლეობამ რაიმე გზას საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რაზეც აგარის მკვიდრმა დათო კობახიძემ გვიპასუხა: “რა არის იცით, ქალბატონო? ჩვენ აქ არავითარი ინფომაცია არ გვაქვს, არ ვიცით, ვის მივმართოთ. მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი მდგომარეობით. ჩამოდით აგარაში და თქვენც ნახავთ, რომ სხვა ბევრი პრობლემაც გვაქვს. ან მე რომ მოვხვდები თბილისში, გნახავთ და მოგიყვებით”.