აღნიშნულ საკითხზე მან პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ფეხბურთელების გუნდიდან წასვლასა და კლუბ “გურიაში” მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, ფეხბურთელების გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მან შესთავაზა ყველა ფეხბურთელს ხელფასის სახით ათას ხუთასი ლარი, რადგან მეტის გადახდას მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებდა, ფეხბურთელები კი ორია თასს ითხოვდნენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სახელფასო დავალიანება დღემდე არსებობს, რაც, ურუშაძის თქმით, ფეხბურთელების გუნდიდან წასვლისა, ერთ-ერთი მიზეზია.
რაც შეეხება იმ 7 ფეხბურთელს, რომლებმაც “გურია” დატოვეს, ერთი _ სევასტი თოდუა, ძველი შემადგენლობიდაა, დანარჩენი 6 ახალწვეულები იყვნენ: ინწკირველი, საჯაია, ალავიძე, მენთეშაშვილი, ელიავა და გოცირიძე.
გამგებლის თქმით, კლუბში 40 წლის ფეხბურთელების ადგილი არაა და აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთებს. მან, ასევე, უსაყვედურა კლუბის ახალ ხელმძღვანელობას და განაცხადა, რომ მარტო მისი ბრალი არაა, ის რაც დღეს გუნდში ხდება: “გაუგებარია, ჩემთან რა უნდათ, როცა კლუბს მწვრთნელიც ჰყავს და დირექტორიც. იმის გამო, რაც მოხდა, ორივე მათგან საყვედურს გამოვუცხადებ,” _ თქვა ურუშაძემ.
პრესკონფერენციაზე ურუშაძემ ისიც თქვა, რომ კლუბის სპონსორის მოძიებასთან დაკავშირებით ის მოლაპარაკებას აწარმოებს რუს, უკრაინელ და ებრაელ ბიზნესმენებთან: _ იმისთვის, რომ რეალური სპონსორი მოიძებნოს, საჭიროა გრიგოლეთის ბაზის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოსვლა, რაც ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა.
რაც შეეხება ფეხბურთელების წასვლას, ურუშაძის თქმით, 10 კაცის გაშვებაც გახდეს საჭირო კლუბიდან, არ მოერიდება, რადგან მისთვის მთავარია წესრიგი:
_ რაც შეეხება იმას, რომ ფეხბურთელებმა დატოვეს კლუბი. ზოგადად ვიცოდი, რომ თოდუა უნდა ჩამოსულიყო და ეთამაშა, დანარჩენი ფეხბურთელების შესახებ საქმის კურსში არ გახლდით. მე ვიცოდი, რომ კლუბში უნდა მოსულიყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ლანჩხუთის “გურიას” ერთგულნი იქნებოდნენ და საბოტაჟს არ მოაწყობდნენ. ვიცოდი, რომ ფოთთან ამხანაგური თამაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ვიგებ, რომ ფეხბურთელები უარს ამბობენ თამაშზე. მე თვითონ ვიყავი ბაზაზე, ველაპარაკე მათ. ისეთმა ფეხბურთელმა თქვა უარი თამაშზე, რომელთანაც არანაირი დავალიანება არ გაგვაჩნია . მერე გავარკვიე, ვინ რა ფეხბურთელია, ვის რა წარსული აქვს. ლანჩხუთის “გურია” ის კლუბი არ არის, მომთაბარე ხალხმა თავი მოიყაროს და საბოტაჟი მოაწყონ. წესრიგი უნდა იყოს ყველგან. არ მივცემ არავის იმის უფლებას, რომ თავისი წინადადება დაგვიყენოს. ზოგი ჩამოსულია იმისთვის, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს და სხვა არაფერი არ აინტერესებს. ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაიყვანს შენობის უკან და ელაპარაკება, დღეს არ მივიდეთ თამაშზეო . ასეთი ფეხბურთელების ადგილი ლანჩხუთის “გურიაში” არ არის. გარდა ამისა, 12 ფეხბურთელს ჩვენ ლანჩხუთის ბიუჯეტიდან ორი ათას ლარს ვერ გადავუხდით თითოეულს. მაქსიმალური თანხა, რაც შეგვიძლია გადავუხადოთ, ეს არის ათას ხუთასი ლარი. ვისაც გაკმაყოფილებთ ეს პირობა, დარჩით _ აი, ეს იყო ჩვენი წინადადება და არავისთვის დაგვიძალებია, კლუბი დაეტოვებინა, _ თქვა ურუშაძემ.