აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს 2008 წლის აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებისა და შეიარაღებული ძალების მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ლიტვის პარლამენტის წევრებმა, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლებმა.
ამასთან, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსის “აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ინსტიტუტში” (Eastern Europe Studies Center) გაიმართა რუსი რეჟისორის ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმის – ,,რუსულის გაკვეთილების“ ჩვენება. ფილმის დაწყების წინ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ, და აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ცენტრის დირექტორმა კრისტინა ვაიჩუნაიტემ, რომლებმაც კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი და მისი შედეგები. ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ქ. ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ბრიტანეთის, ჩეხეთის, და იაპონიის ელჩები, ლიტვის პარლამენტის წევრები მანტას ადომენასი და ალგირდას პატაცკასი, ლიტვის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, ანალიტიკური ცენტრების, მასმედიისა და სტუდენტური წრეების წარმომადგენლები.
საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ რუსეთ–საქართველოს ომის 5 წლისთავთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა ლიტვის ერთერთ ყველაზე პოპულარულ არხს – LRT, _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.