პარლამენტარ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი წელი და ეს საპრეზიდენტო არჩევნები: – საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენა მოხდა დემოკრატიული პრაიმერით და ეს ძალიან კარგია. ნამდვილად გასათვალისწინებელი და სამწუხაროა, რომ ოთხი მამაკაცი იყო წარმოდგენილი ამ შემთხვევაში, თუმცა ჩვენ შემუშავებული გვქონდა ისეთი პროცედურა, რომელიც პარტიას აძლევდა შესაძლებლობას დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა. არ არსებობდა არანაირი შეზღუდვა, უბრალოდ ქალბატონებმა არ გამოვთქვით სურვილი პრაიმერში მიგვეღო მონაწილეობა. მე მინდა ვისურვო გაიზარდოს ქალების აქტიურობა ამ მიმართულებით, მაგრამ მთავარია, გადაწყვეტილება მივიღოთ არა იმის მიხედვით ვინ ქალია და ვინ მამაკაცი, არამედ რომელია ყველაზე საუკეთესო კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ პრაიმერის მეშვეობით არის ასეთი კანდიდატების გამოვლენა შესაძლებელი. _ გვითხრა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მიხეილ მაჭავარიანი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს პრაიმერის წესებზე საუბრობს: ჩვენ არ დაგვისახელებია კანდიდატები, თუ ჰქონდა ჩვენს წევრებს სურვილი, უნდა მისულიყვნენ დეპუტატებთან, ხუთი ხელმოწერა უნდა გქონოდა მათგან ან ერთი რაიონული ორგანიზაციისგან. სამწუხაროდ, არცერთმა ქალბატონმა გამოხატა სურვილი, რომ პრაიმერში მიეღოთ მონაწილეობა ანუ ეს იყო მათი გადასაწყვეტი. ჩემი აზრით, ჩვენი ქალბატონები ამ ეტაპზე პოლიტიკურ გამოცდილებას იძენენ, ალბათ, ეს არის მთავარი. _ თქვა მიხეილ მაჭავარიანმა.
“მე პირადად ასეთი სურვილი არ გამჩენია, სხვებისგანაც არ მსმენია, რომ პრაიმერში მონაწილეობა უნდოდა, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც პრაიმერში მონაწილეობს, აცხადებს, რომ ის მომხრე იყო მონაწილეობა ქალბატონებსაც მიეღო:_ რეალურად იყო განხილვა და მეც ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ პრაიმერში მონაწილეობა მიეღო ქალ კანდიდატს. სამწუხაროდ, რომ ვნახეთ მათი ნაწილი არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმს, ასაკი არ უწყობდა ხელს. იმათ, რომლებიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ, უარი განაცხადეს. ჩვენ გვინდა შიდა დემოკრატია განვავითაროთ და ამიტომ იძულებით მეთოდებს არ ვიყენებთ. ეს არის და ეს, რეალურად ეს იყო. _ გვითხრა ზურაბ ჯაფარიძემ.
პრაიმერში გამარჯვებულის, დავით ბაქრაძის განცხადებით: “ძალიან ცუდია, რომ არცერთმა ქალბატონმა არ მიიღო პრაიმერში მონაწილეობა, მინდოდა, რომ კონკურენტებად ქალბატონები მყოლოდა შიდა პარტიულ პრაიმერში, რატომღაც თავი შეიკავეს. პარტიაში მართლაც გვყავს აქტიური ქალბატონები. მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი იმ ცვლილების, რომლის მიხედვითაც თუ პარტია რაღაც რაოდენობის ქალბატონებს ჩაწერს სიაში, მას მოემატებოდა დაფინანსება. ამიტომ, მე მთლიანად მხარს ვუჭერ ქალების აქტიურობას და იმედი მაქვს, ჩვენ პარტიას ექნება ისეთი სია, სადაც ბევრი ქალი იქნება წარმოდგენილი და არა იმის გამო, რომ დაფინანსება მოვიმატოთ, არამედ ვფიქრობ, ქალბატონების ჩართვა პოლიტიკაში არის რესურსის გაორმაგება. _ თქვა დავით ბაქრაძემ.