და დაამატა, რომ 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე სამართალი ვერსად ჰპოვა.
ილია შენგელია: _1980 წლიდან მოყოლებული, მე და მამაჩემი, რომელიც სენაკის საპატიო მოქალაქე და რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი იყო, ვმუშაობდით ძველ სენაკში, კირის ქარხანაში. 1991 წლიდან გადავედით საჯარო ურთიერთობებზე და დავამუშავეთ დიდი რაოდენობით მასალა. 2005 წელს სენაკში შენდებოდა სამხედრო ბაზა, რომელსაც ქიბარ ხალვაშის სამშენებლო კომპანია “ინტერნეიშენ ბილდინგ კომპანი” აშენებდა. კომპანიის დირექტორი იყო ვინმე მეტრეველი. ერთ დღესაც მოვიდნენ აღნიშნული პირები და მასალა ითხოვეს. მე ხალშეკრულების გაფორმება ვთხოვე, მაგრამ მითხრეს, რომ ძალიან საშური საქმე იყო და ქაღალდომანიისთვის არ ეცალათ, საბუთებს მერე მიხვედოთო. მერე საქმეში ჩაერია გურამ მისაბიშვილი, რომელიც იმ დროს სენაკის გამგებელი იყო და უთხრა მათ, რომ მასალა წაეღოთ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. ასე წაგვართვეს 500-700 ათასი ლარის ღირებულების მასალა.
2005 წლის 25 ნოემბერს მისაბიშვილის სახელზე პირველი განცხადება დავწერე, იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ათობით განცხადება მაქვს დაწერილი. 2013 წელს არჩილ კბილაშვილსაც მივმართე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსაც, პოლიციასაც, მაგრამ ვერსად ვპოვე სამართალი. მერე ტელევიზიებს მივმართე, ჩამწერა “ობიექტივმა”, “მეცხრე არხმა”, მაგრამ შედეგი მაინც არ არის.
_ თქვენ თქვით, პოლიციას მივმართეო. სენაკის პოლიციაზე ლაპარაკობთ?
_ ესეც საკმაოდ ყურადსაღები ამბავია. პირველად რომ სენაკის პოლიციას მივმართე, იყო 2006 წელი და იქიდან პასუხი რომ მომივიდა, ხელს აწერდა რიგითი ზურაბ ანანია, რომელიც დღეს საგამოძიებოს უფროსია. რაც შეეხება პროკურორს, ჯალაღანიას, ისიც იმ დროიდან მუშაობს და თავის თავს ხომ არ გაამტყუნებს?! იურისტების თქმით მისაბიშვილმა დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ძალადობა, მუხლი 178-ძარცვა, მუხლი 182-მითვისება, მუხლი 333-სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, მუხლი 341-სამსახურებრივი სიყალბე და უკვე ციხეში უნდა იყოს.
_ რას აპირებთ?
_ არ გავჩერდები, ამ ნერვიულობას გადაყვა მამაჩემი. მოვივლი ყველა ინსტანციას, მივმართავ ყველა მოძრაობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მისაბიშვილის დანაშაულს მაინც ავხდი ფარდას. ამ ადამიანმა მარტო მე კი არა, სენაკის ბევრი მაცხოვრებელი დააზარალა და გაამწარა.
ჩვენ ვცადეთ სენაკის მაჟორიტართან დაკავშირება, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვერც პროკურორ ჯალაღანიას დავუკავშირდით, ილია შენგელია კი თბილისში წავიდა, არქივიდან მასალების ამოსაღებად.