დაიგეგმა ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, გეოლოგიური კვლევები, ჩატარდა აღრიცხვები ცხოველთა სამყაროს მონიტორინგის მიზნით, სეისმური და GPS სადგურების ინსტალაციისთვის შეირჩა ადგილები და ჩატარდა აზომვითი სამუშაოები.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მეცნიერებისა და ხელოვნების, ასევე საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები, ეკოლოგიის ინსტიტუტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიის მკვლევარები.
ძირითადი ჯგუფის ბაზირება ომალოში მოხდა, შემდგომი გასვლებით მიმდებარე სოფლებსა და ხეობებში, რომელთა ნაწილიც სასაზღვრო ზონაში ხვდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი სახის ექსპედიციები ხელს შეუწყობს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ისტორიულ-კულტურული, გეომორფოლოგიური, ბიომრავალფეროვნების განვითარების და სხვა მნიშვნელოვანი პროცესების გაცნობას და საფუძვლიანი კვლევების ჩატარებას ამ დრომდე მწირად შესწავლილ ტერიტორიებზე.