შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომისიამ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების საკითხზე კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან გაიარა, მათ შორის თომას ჰამერბერგთან. კომისიამ ასევე გაიზიარა ევროპული ქვეყნების გამოცდილებაც.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურების საკითხს არაერთგვაროვანად აფასებს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია: “ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, საქმე გვაქვს პირადი ცხოვრების გასაჯაროების აკრძალვის საკითხთან, მეორე მხრივ, აღნიშნული კადრების მნიშვნელობა ასევე დიდია, კონკრეტული კრიმინალების გამოვლინების მხრივაც და პოლიტიკური პასუხისმგებლობის მხრივაც. გარკვეულწილად, არ გამოვრიცხავდი, რომ ე. წ. პირადი ცხოვრების კადრების განადგურება არა იმდენად მოქალაქეების უფლების დაცვაზე იყოს ორიენტირებული, არამედ პოლიტიკურ გარიგებაზე, რაც ახალი და ძველი მმართველობის ინტერესთა გადაკვეთაზეც შეიძლება მიანიშნებდეს. მოცემულ საკითხზე საზოგადოებაში საინფორმაციო კამპანია უფრო პროპაგანდისტულად გავრცელდა _ ადგილობრივი უფლებადამცველების, ხშირ შემთხვევაში, ზედაპირულმა მიდგომამ და აქტივობამ საკითხის გააზრებას ელფერი შეუცვალა და სხვა სივრცეში გადაიტანა. პირადად მე, განადგურების საკითხს კრიტიკულად აღვიქვამ და მის გამოძიებით ნაწილში გადატანის მომხრე უფრო ვარ. თუმცა, აქვე იმასაც დავძენდი, რომ არც იმას გამოვრიცხავ, გარკვეული წლების შემდეგ კადრებმა კვლავ მაკომპრომიტერებელი ფუნქცია მიიღოს, თუმცა, ამას მხოლოდ თეორიული დაშვების დონეზე ვამბობ, რამდენადაც ამის განცხადების მოცემულობა ამჟამად არ არსებობს”, _ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბარში არჩილ გამზარდია.
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, შესაძლოა, პატიმრობით დასრულდეს. როგორც იუსტიციის მინისტრმა და კომისიის წევრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, საუბარია, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში სსკ-ის 157-ე, 158-ე და 159 მუხლებიდან ჯარიმის ნორმის ამოღებასა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაზე.
მასალების გამოყენების და გამოქვეყნების პატიმრობით დასჯადობა ლოგიკურად მიაჩნია არჩილ გამზარდიას, თუმცა, ფიქრობს, რომ ეს განსაკუთრებულ ბარიერად არ გამოდგება.