აღნიშნული კანონპროექტი მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე განხილვის მიზნით.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხე-ტყის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების შემთხვევაში, თუ მისი საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, სამართალდამრღვევს ეკისრება მხოლოდ 500 ლარიანი ჯარიმა ხე-ტყის კონფისკაციის გარეშე. სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილების თანახმად, მკაცრდება სანქცია: ზედნადების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით, ხოლო ხე-ტყე დაექვემდებარება კონფისკაციას.
სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მერქნული რესურსის მოპოვებისას აუცილებელია შესაბამისი უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტის აღება და დადგენილი საფასურის გადახდა. თუმცა, მოსახლეობისათვის აუცილებელი სამასალე და საშეშე მერქანი გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შეღავათიან ფასში.
_ მოსახლეობას უფლება აქვს სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები (სოკო, კენკრა, ხილი, სამკურნალო მცენარეები და ა.შ) და ხის მეორეხარისხოვანი მასალები (ფიჩხი), _ განმარტავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.