მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპზე ცვლილებათა პაკეტი შემდეგი კანონებისათვის მომზადდა: “საერთო სასამართლოების შესახებ”, “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ”, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ”, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”.
საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი მიზნებია:
• სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დამატებითი გარანტიების შექმნა;
• მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესის დახვეწა და ყველა კატეგორიის პირთათვის კონკურსში თანაბარ საწყისებზე მონაწილეობის შესაძლებლობის მინიჭება;
• სასამართლოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა ფუნქციების ოპტიმიზაცია;
• საერთო სასამართლოების როლის გამოკვეთა სასამართლოების ხელმძღვანელ თანამდებობების პირთა არჩევის პროცესში;
• სასამართლოს სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
• დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გამარტივება და დახვეწა;
• იუსტიციის მსმენელთა ინტერესების დაცვის გარანტიების დადგენა
აღსანიშნავია, რომ რიგი ცვლილებების მიზანია “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციაში შესულ იმ ცვლილებებთან, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ, ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება.
საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ და სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა საკანონმდებლო ორგანოს, მოსამართლეთა კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს და ექსპერტებს წარუდგინეს.
ეს იყო პირველი ორდღიანი სამუშაო შეხვედრა აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართა.
სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ყველა დაინტერესებულ ჯგუფს გააცნოს, შენიშვნების და მოსაზრებების გაზიარების შემდეგ კი დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგინოს, _ იუწყება იუსტიციის სამინისტრო.