ხადურის განმარტებით საკითხი მეტად რთულია: დასათვლელია ვალის ოდენობა, ასევე დაზარალებულთა ზუსტი რიცხვი. მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს ყოველდღიურ რეჟიმში. ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ცენტრ „ერთობის“ მიმართულების კოორდინატორი ლაშა გეგეჭკორი გამოეხმაურა:
_ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის #463 დადგენილებით “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის” შესახებ, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის #108 დადგენილებაში. შეიცვალა მისი შემადგენლობა და კომისიას უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა 2014 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული კომისიის სხდომაზე, 2012 წლის 25 დეკემბერს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით გამოწვეული სახელმწიფოს მიერ აღიარებული საშინაო ვალის მომსახურების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მთლიანად დაკომპლექტდა ფინანსთა სამინისტროს კადრებით. თუმცა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2012 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა გასცა დაპირება, რომ სამუშაო ჯგუფში შევიდოდა არასამთავრობო სექტორისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებიც. გავიდა 8 თვე! მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, სამუშაო ჯგუფს დღემდე არ წარმოუდგენია შესრულებული სამუშაოს შედეგი, მხოლოდ ერთხელ შედგა ჩვენი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან, 2013 წლის 20 მარტს და ამ შეხვედრიდან მაქსიმუმ 3 კვირაში უნდა გამართულიყო სახელმწიფო კომისიის სხდომა. მინისტრმა განაცხადა, რომ საკითხი მეტად რთულია: დასათვლელია ვალის ოდენობა, ასევე დაზარალებულთა ზუსტი რიცხვი. თან დასძენს, რომ სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს ყოველდღიურ რეჟიმში. კოოპერატიული ბინათმშენებლობის კოოპერატივების ინვენტარიზაცია (თბილისის მასშტაბით) მოხდა და მისი შედეგები დაიდო ჯერ კიდევ 2005 წელს, რაც წარმოდგენილი იქნა სახელმწიფო კომისიაზე იმავე წლის 28 იანვრის სხდომაზე. მას შემდეგ, მხოლოდ 2010 წელს დაკმაყოფილდა მიწის ნაკვეთებით 332 დაზარალებული. ჩვენ ეს მასალები წარდგენილი გვაქვს. ასევე წარმოვადგინეთ გასულ წლებში ჩადენილი, რბილად რომ ვთქვათ, დარღვევები და ყოველივე ამის შესწავლის შემდეგ ვფიქრობთ, ძნელი არ უნდა იყოს იყოს დღევანდელი რეალური სურათის დადება. ბატონი მინისტრის სიტყვებით “ამ სფეროში მოქმედებს 4-5 არასამთავრობო ორგანიზაცია”. მათი არსებობა ამ არეალში და ფინანსთა სამინისტროს რეალური სურვილის არსებობა პრობლემის მოგვარებისა, პლუს მათ ხელთ არსებული დოკუმენტური მასალა, განვლილი 8 თვის მანძილზე ეფექტურ შედეგს დადებდა. ბატონი ნოდარ ხადური ბრძანებს, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს „საგზაო რუკაზე“ და ამის შემდეგ დაიწყება განხილვა, თუ რა გზით მოხდეს ვალის გასტუმრება. ვეკითხებით ბატონ მინისტრს, სჭირდება „საგზაო რუკა“ იმ კოოპერატიულ კორპუსებს, რომლებიც ათეული წლებია ელოდება დასრულებას? ვიმეორებთ, ამ კორპუსებში ცხოვრობს ასეულობით ოჯახი და მოსალოდნელ (ატმოსფერული ნალექების ზეგავლენით მათი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება) შედეგებზე ვინ აგებს პასუხს? ათასობით ადამიანი 25 წელი ელოდება საკუთარ ჭერს. ზოგი ქირით და ზოგიც ახლობლებთან შეკედლებულნი ელოდებიან სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგი დღემდე არ ჩანს, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ლაშა გეგეჭკორმა.
მისივე განმარტებით, ცენტრი „ერთობა“ მოვლენათა განვითარებას 1 ოქტომბრამდე დაელოდება და იმ შემთხვევაში, თუკი 2014 წლის ბიუჯეტში კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემის გადაწყვეტა არ აისახება, სხვა გზებზე იფიქრებენ.