_ როგორც მოგეხსენებათ, 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩვენს ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. აღნიშნულთან დაკავშირებით მოგმართავთ სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომ დაიცვათ საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და გაითვალისწინოთ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი შემდეგი შეზღუდვები:
1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამინისტროს დეპარტამენტისა და სამმართველოს ხელმძღვანელი (24-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი);
2. სამინისტროს იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, დროებით უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში), რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება (24-ე მუხლის მე-6 პუნქტი);
3. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს (45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი);
4. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება სამინისტროს შენობაში (45-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი);
5. აკრძალულია სამინისტროს დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა, აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად (45-ე მუხლის მე-7 პუნქტი);
6. აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა სამინისტროს შენობის ინტერიერებსა და ექსტერიერებში (46-ე მუხლის მე-2 პუნქტი);
7. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, მიწოდება ან დაპირება (47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი);
8. აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც მათ შორის გულისხმობს საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების აკრძალვას (48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები);
9. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე საჯარო მოხელებს ეკრძალებათ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც მათ შორის გულისხმობს, სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას, სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას (49-ე მუხლის პირველი პუნქტი).
გარდა ზემოაღნიშნულისა, მკაცრად უნდა იყოს დაცული საქართველოს საარჩევნო კოდექსის ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სამინისტროს საქმიანობასთან და საჯარო მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებასთან. აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირების მიმართ შეიძლება გატარდეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები, _ აღნიშნულია ყიფიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.