“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პროექტის თანახმად, 2014 წლის 1 თებერვლამდე, პოლიცია მონაწილეობას ვერ მიიღებს აღსრულების ისეთ პროცედურებში, როდესაც, სააღსრულებო წარმოებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს უძრავი ქონებიდან მოვალის იძულებით გამოსახლება კრედიტორისათვის ან სხვა პირისათვის გადაცემის მიზნით. მარტივად რომ ვთქვათ, პოლიცია ვერ მოახდენს იმ პირთა გამოსახლებას, რომელთა საცხოვრებელი ბინები სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით იყო დატვირთული.
“მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება არსებითად არაფერს შეცვლის მოვალეებისთვის და ცრუ მოლოდინების მიცემით, ასევე, უარყოფით გავლენას მოახდენს საბანკო სექტორის განვითარებასა და ქვეყნის ბიზნესგარემოზე.
წარმოდგენილი ცვლილებებით, ჩერდება სააღსრულებო წარმოებაში პოლიციის მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, ეს ვერ შეზღუდავს იძულებით აღსრულებას. მოვალეები მხოლოდ შეცდომაში იქნებიან შეყვანილი და არარეალური იმედები გაუჩნდებათ, რადგანაც გამოსახლება პოლიციის ჩარევის გარეშეც, აღსრულების პოლიციის დახმარებითაც იქნება შესაძლებელი,” _ აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოში”.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მხოლოდ “პოლიციის შესახებ” კანონის წარმოდგენილ ცვლილებას ცალკე, ფაქტობრივად, არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, თუმცა მისი მიღებით შეიძლება მოვალეებს გაუჩნდეთ ფუჭი იმედი, რომ მათ ვერ გამოასახლებენ, რეალურად კი გამოსახლება მაინც იქნება შესაძლებელი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს ეს ცვლილება და შეცდომაში არ შეიყვანოს დაზარალებული მოქალაქეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი შეიძლება აღქმულ იქნას, როგორ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებ ქმედებად და არა – ქვეყნისთვის გრძელვადიანი სარგებლის მომტან ნაბიჯად.