რაც ყველაფერთან ერთად, უსიამო სუნს წარმოშობს. დღეს მედიცინა ამ მხრივ მაღალ დონეზეა, თუმცა, როგორც ვიცი, ღრძილების გართულებულ ანთებას არაფერი შველის, გარდა დროებით შემაჩერებელი სამკურნალო საშუალებებისა. ამიტომ აუცილებელია, ვიდრე საქმე გართულებამდე მივა, ჯერ შინაურ პირობებში მოვუაროთ ღრძილებს და, რა თქმა უნდა, მასთან ერთად _ კბილებს. თუ დროულად და სწორად იმოქმედებთ, ექიმთან მისვლა ნაკლებად ან იშვიათად დაგჭირდებათ. მთავარია, ზაფხულსა და შემოდგომაზე მოვიმარაგოთ ყველა იმ მცენარის ფოთოლი, ნაყოფი თუ ქერქი, რომელთა მეშვეობით მკურნალობა უდავოდ შედეგიანია.
ღრძილების ლორწოვანი გარსის ანთების დროს შესანიშნავია შემდეგი საშუალებები
_ ევკალიპტის გამხმარი ფოთლები მოვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. 10 გრამ ფოთოლს ერთ ჭიქა წყალს ვასხამთ. მოხარშვის შემდეგ გავწუროთ. ერთი სუფრის კოვზი ეს ნახარში 100 გრამ წყალში შევურიოთ და ყოველდღიურად გამოვივლოთ პირის ღრუში, დღეში სამჯერ, თუ შეძლებთ, მეტჯერაც.
_ ღრძილების გასამაგრებლად ასევე ძალიან კარგია ასკილის ნაყოფის ნახარში. ხუთი სუფრის კოვზ ასკილის დაქუცმაცებულ ნაყოფს დავასხათ ხუთი ჭიქა წყალი და მომინანქრებულ, თავდახურულ ჭურჭელში ვადუღოთ ათი წუთის განმავლობაში. 24 საათის გასვლის შემდეგ გავწუროთ. ეს ნაყენი გამოვივლოთ პირის ღრუში, დღეში სამჯერ.
_ ძალიან კარგი და შედეგიანი, უებარი საშუალებაა მუხის ქერქის ნახარში, რომელიც შესანიშნავად ამაგრებს ღრძილებს. ავიღოთ მუხის გამხმარი ქერქი, კარგად გავასუფთავოთ და ნახევარ კილო მასას დავასხათ ორი ლიტრი წყალი. ვადუღოთ იმდენ ხანს, რომ ნახარში წყალი ერთ ლიტრამდე შემცირდეს. ეს ნაყენი, გაწურვის და გაგრილების შემდეგ, დღეში სამჯერ გამოვივლოთ პირის ღრუში. სულ ცოტა, ერთი თვის მანძილზე. ყოველივე ამის შემდეგ, ნახავთ, რომ ღრძილები შესამჩნევად მორჩება და გამაგრდება. ოღონდ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მუხის ნახარშმა კბილების გამუქება იცის. თუმცა, ფერის მოშორება შესაძლებელია და ამის გამო ნუ შეიძულებთ ამ არაჩვეულებრივ ნაყენს.
_ ასევე კარგია შემდეგი საშუალებებით დამზადებული საცხი _ 80 გრამი ასაკოვანი ალოეს ფოთლების წვენი, 10 გრამი აბუსალათანის ზეთი და ორი გრამი ევკალიპტის ზეთი შევურიოთ ერთმანეთს და გავაჩეროთ 24 საათის განმავლობაში. მერე კი, დღეში ორჯერ, კბილების გახეხვის შემდეგ, ტამპონის მეშვეობით შევიზილოთ ღრძილებში.
_ რაც შეეხება სტომატიტს, გირჩევთ, მის საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ ვაზის ფოთლების ნახარში. ოც გრამ დაქუცმაცებულ ვაზის ხმელ ფოთლებს დავასხათ ორასი გრამი მდუღარე წყალი. ნახევარი საათის შემდეგ გავწუროთ და გამოვივლოთ პირის ღრუში, დღეში სამჯერ, მანამ, სანამ არ გაქრება. წყლულოვანი ფორმის დროს კარგია დაუმწიფებელი ყურძნის (ისრიმი) წვენის შეზელა. რა თქმა უნდა, თუ ეს წელიწადის იმ დროს ემთხვევა, როცა მკვახე ყურძენი ხელმისაწვდომია.
_ სტომატიტის სამკურნალოდ ხალხურ მედიცინაში ასევე უებარია თეთრი კომბოსტოს წვენი. თანაბარი რაოდენობით ავიღოთ თეთრი კომბოსტოს წვენი და მდუღარე წყალი. ეს ხსნარი დღეში სამი-ოთხჯერ გამოვივლოთ. უმჯობესია, ყოველდღე ახალი ნაზავი გააკეთოთ, რადგან კომბოსტოს წვენს მძაფრი და უსიამო სუნი აქვს.
_ რაც შეეხება პირის ღრუს უსიამო სუნს, ეს უფრო ხშირად კბილების და ღრძილების დაავადების გამოა გამოწვეული. არსებობს კუჭის პრობლემებიც. ასეთ შემთხვევაში ძალიან ეფექტურია შემდეგი საშუალება, რის მომზადება შინაურ პირობებში ძალიან ადვილია: ავიღოთ ერთი სუფრის კოვზი დაქუცმაცებული პიტნის ფოთლები და დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ერთი საათის შემდეგ გავწუროთ და დღეში ორჯერ ან სამჯერ გამოვივლოთ. ასევე კარგია ნიახურის ძირების ნახარში. დოზა: ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნიახურის ძირებს დავასხათ ერთი ჭიქა არაყი. ორი კვირის განმავლობაში დავდგათ ბნელ და თბილ ადგილზე. შემდეგ გავწუროთ და ერთი ჩაის კოვზი ნაყენი შევურიოთ ერთ ჭიქა თბილ, გადადუღებულ წყალს. შემდეგ კი, დღეში სამჯერ გამოვივლოთ პირსა და ყელში.
გახსოვდეთ, თუ ზემოთ აღნიშნული ყველა მკურნალობის წესი არ გააგრძელეთ ორი კვირის მანძილზე მაინც, შედეგი არ გექნებათ. ერთჯერადი მკურნალობით ღრძილები არ იკურნება. ხანმოკლე შესვენებების შემდეგ, პერიოდულად უნდა გავიმეოროთ ყველა ეს წესი. ღრძილებს მუდმივად უნდა დავუთმოთ ყურადღება, თუ გვინდა, რომ ექიმთან მუდმივი ვიზიტები არ დაგვჭირდეს.