პატარაიებს სახლი 16 აპრილს დაეწვათ და მას შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან დახმარების მოლოდინში არიან. ყოველ გაწვიმებაზე პატარაიების სახლში წვიმა ჩამოდის.
როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, ხანძრის შემდეგ, ისინი გამგებელმაც და საკრებულოს თავმჯდომარემაც მოინახულეს, მაგრამ დღემდე არანაირი დახმარება არ ჩანს:
_ ხანძრის შემდეგ ორი ოთახი გადაგვირჩა და იქ გასულ კვირას, ძლიერი წვიმა რომ იყო, ღამე ფეხზე გავათენეთ ოჯახის 6 წევრმა. რას დავიძინებდით _ მთელი ღამე ოთახში წვიმა ჩამოდიოდა, ტახტს ხან სად გადავანაცვლებდით, ხან _ სად. ვერ ნახავდი ადგილს, სადაც წყალი არ ჩამოდიოდა. სახლს სახურავი არ უვარგა, ხანძრის დროს დაზიანდა, ფანჯრებიც არ გვაქვს, გვპირდებიან, გადაგიხურავთო, მაგრამ როდის, ზამთარში? ჩვენს შემდეგ კიდევ ორ ოჯახს დაეწვა სახლი როგორც გავიგე, იმათ უკვე დაეხმარნენ. ჩვენ რა დავაშავეთ?! იქნებ იმდენი მაინც გამიკეთონ, რომ ფანჯრები ჩავსვათ და არ გამეყინოს შვილიშვილები სიცივით. ეს თვეც სულ წვიმებია, სად წავიდეთ და რა გზას მივმართოთ? _ ამბობს თვალცრემლიანი ქალბატონი.
როგორც ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურში გვითხრეს, დაზარალებულები უკვე შეხვდნენ გამგებელს ზაზა ურუშაძეს და გადაწყდა, რომ დაზამთრებამდე პატარიაიების ოჯახს აუცილებლად დაეხმარებიან. დახმარება შეიძლება იყოს ან ფინანსური ან სხვა სახის.