_ შეიძლება ითქვას, რომ არსებითი და კონცეპტუალური განსხვავებები საპრეზიდენტო არჩევნებში მაინცდამაინც არ შეიმჩნევა; იგივე საზოგადოებრივი დამოკიდებულებები, იგივე კონკურენციისგან დაცლილი გარემო (მიუხედავად კანდიდატების სიმრავლისა), საზოგადოებასთამ ურთიერთობის იგივე რიტუალური და არა ფუნქციური ფორმა და ა.შ. ბოლო დრომდე საზოგადოებას ჰყავდა “უკონკურენტო“ სიმბოლოები, რაც შეიცვალა საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ დღეისათვის პროცესი კვლავ დამახინჯდა, ამჟამინდელი ძირითადი კანდიდატი პრემიერ მინისტრის წარმომადგენელია – რაც მოცემული მომენტისთვის მას თითქმის “უკონკურენტო“ მდგომარეობაში ამყოფებს. ამას გარდა, ამჟამინდელ საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას არ გააჩნია უმთავრესი მნიშვნელოვანი ფუნქცია – რეალური რინგი და თანაბარი საზომის მქონე კანდიდატები; რეალურად რომ ვთქვათ, პრეზიდენტობისთვის ბრძოლა არც კი მიმდინარეობს; კანდიდატების ნაწილი იმიჯის რეაბილიტაციის რეჟიმშია, ნაწილი თვითპრეზენტირებისა და ა.შ. ამას გარდა, პრაქტიკულად არ გვაქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული პროცესები, გამოყენებულია საზოგადოებრივი კომუნიკაციების განსაკუთრებულად გაცვეთილი და მარტივი ტექნოლოგიები; რაც შეეხება უფრო პოზიტიურ მაჩვენებლებს, მნიშვნელოვან წინწაწევად ჩავთვლიდი იმ ფაქტორს, რომ საზოგადოებრივი გარემო უფრო ნაკლებადაა დაძაბული და კანდიდატების მხარდამჭერების უსაფრთხო გარემოც შედარებით უფრო დაცულია მიმდინარე პროცესში. ასევე უნდა შევნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელიც, ფიქსირდება ე.წ. “როლთა ცვლა“ უცვლელი შინაარსის ფონზე; კერძოდ, ე.წ. ხელისუფლება გამოხატავს თვითკმაყოფილებას და ამჟამინდელ მდგომარეობას წარმატებულად აფასებს, სამომავლოდ კი მეტ წარმატებას პირდება სამიზნე ჯგუფებს, ხოლო მისი ძირითადი ოპონენტი კი მეორე უკიდურესობას გამოხატავს, აცხადებს, რომ მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო გადარჩენის ერთადერთი შანსი თავადაა. განსხვავება მხოლოდ როლებშია, ხელისუფლების რანგში ამჟამად “ქართული ოცნება“ გამოდის, ხოლო ოპოზიციის რანგში “ნაციონალური მოძრაობა“, გასულ არჩევნებზე კი ანალოგიური შინაარსის საზოგადოებრივი პროცესები იყო, მხოლოდ როლები იყო შეცვლილი. აღნიშნული მოცემულობა კი კიდევ უფრო ყალბს და ანტაგონისტურს ხდის საზოგადოების წევრებს. კანდიდატები კვლავინდებურად ძირითადად იყენებენ მხოლოდ დისკრედიტირების საშუალებებს და ვერ წარმოადგენენ პრიორიტეტებზე თუ საკუთარ უპირატესობებზე დაფუძნებულ კამპანიებს, _ ამბობს გამზარდია, რომელიც კანდიდატების პიარ კამპანიებს და თავად კანდიდატებს ჩვენთან საუბრისას სიღრმისეულად განიხილავს.
გიორგი მარგველაშვილი – მან იცის, რომ ის გამარჯვებულია, რადგანაც მისი წარმდგენი პრემიერ მინისტრია და საზოგადოების გადამწყვეტი ხმის რაოდენობა ჯერჯერობით მასზე პოზიტიურად არის ფოკუსირებული; ამდენად, მას ბრძოლის მოტივაცია ნაკლებად გააჩნია; მისი საზოგადოებრივი კამპანიები აგებულია უკვე კარგად გაცვეთილ მეთოდებზე და არაა ძიება საზოგადოებასთან კომუნიკაციის რაიმე ახალ ან საინტერესო ფორმებზე, მათ შორისაა ლოკალური შეხვედრები საკუთარ ამომრჩევლებთან, პრომოუშენის შინაარსით აუცილებლად მოგვაგონდება პრეზიდენტ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ ძველი პრომოკამპანიები, რომელიც თავის დროზე უფრო ახალი სიტყვა იყო ქართულ საზოგადოებრივ კომუნიკაციებში; ძირითადი განსხვავება პერსონაჟთა ხასიათებშია – სააკაშვილი იყო ზედმეტად აგრესიული და მძაფრი, ხოლო მარგველაშვილი უფრო პოზიტიურია; თუმცა, ამავე დროს სააკაშვილის პიროვნებათშორისი კომუნიკაციები უფრო ეფექტური იყო მარგველაშვილისგან განსხვავებით, ვგულისხმობ ადამიანებთან პირად შეხვედრებს, მას ჰქონდა ქარიზმა, შეეძლო სხვადასხვა კონტექსტში წარდგენილიყო რიგით მოქალაქეებთან, გადაეღო მათთან ფოტოები, დაერიგებინა ავტოგრაფები შოუ-ბიზნესის ვარსკვლავივით და ა.შ. ამ მხრივ, მარგველაშვილი ბევრად მოუხეშავი და მოუქნელია; მის ნაცვლად გარემოს პრემიერი ქმნის, რამდენადაც საზოგადოებაში თავად პრემიერის პერსონაჟია საინტერესო და არა მარგველაშვილისა; მარგველაშვილის საზოგადოებრივ კამპანიებს ხშირად აკრიტიკებენ და ეს გასაგებიცაა, უპირველეს ყოვლისა, პრობლემა გვაქვს სარეალიზაციო პროდუქტში ანუ თავად მის პერსონაში, ბატონი გიორგი მარგველაშვილი ხელოვნური პერსონაჟია, ის არ არის ბუნებრივი და თვითმყოფადი, არც საზოგადოებისათვის საინტერესო, იგი საინტერესოა მხოლოდ როგორც ბიძინა ივანიშვილის ანარეკლი; ამდენად მისთვის მთავარი ის არის, რომ ზედმეტი შეცდომები არ დაუშვას, სხვა დანარჩენზე თავად პრემიერის იმიჯი და გავლენა მუშაობს. საზოგადოებრივი კამპანიის კუთხით, მისი კამპანიები, როგორც ზემოთ ვთქვი, გაცვეთილი ფორმატისაა, ის მოუხეშავი და მოუქნელია პიროვნებათშორისი კომუნიკაციების დონეზე, თუმცა, ის მეტად მშვიდია, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ასევე ნაკლებად აკეთებს აქცენტს მოწინააღმდეგეებზე, რაც თვისობრივად უფრო პოზიტიური შეტყობინებების სივრცეს ქმნის.
დავით ბაქრაძე – დავით ბაქრაძის კამპანიას ადვილად ეტყობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის კი არ იბრძვის, არამედ მას თავისი ამოცანები აქვს და მოცემულ არჩევნებს იყენებს, როგორც საშუალებას სხვა კონკრეტული მიზნისათვის; ეს მიზანი არც იმდენად ფარულია, როგორც სხვა მიზნები ან ქცევები, რაც ამ კანდიდატს ახასიათებდა – ეს არის სტანდარტული სარეაბილიტაციო საიმიჯო კამპანია; კანდიდატი ბაქრაძე იბრძვის არა სხვა კანდიდატების მომხრეების გადმოსაბირებლად, არამედ დღეისათვის შემორჩენილი შესაძლო მომხრეების შესანარჩუნებლად, ცდილობს აჩვენოს და დაარწმუნოს რა ისინი, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგომა სასირცხვილო არაა და უსაფრთხოა. დავით ბაქრაძეს რთული ამოცანა შეხვდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან უნდა მოახდინოს “ნაციონალური მოძრაობისა“ და საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცია საზოგადოებაში და დაელოდოს ხელსაყრელ მომენტს, რათა სტატუს-კვო აღიდგინოს; ამ მხრივ, მოცემული საპრეზიდენტო კამპანია მისთვის უფრო ეტაპია ამ პროცესში; ამავე პროცესში ის ცდილობს მოწინააღმდეგეების იმიჯზე ნეგატიურად ზემოქმედებას, ამაზეა აგებული მთელი წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლები, რაც სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია და წამგებიან სტრატეგიადაც მათ შორის; სარეკლამო რგოლების ფორმატი იდენტურია საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჯგუფების მიერ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლებისა, მაგრამ ამჯერად ეს ფორმატი არაკონტექსტუალურია, ასევე წამგებიანია სარეკლამო რგოლებში იმავე პოლიტიკის გაგრძელებაზე მესიჯები („ისევ გავაგრძელებთ წინსვლას“ და ა.შ.), რამდენადაც საზოგადოებას ამ პოლიტიკის მიმართ დღემდე რადიკალურად ნეგატიური დამოკიდებულებები გააჩნია; “ნაციონალური მოძრაობის“ კლიპები ორი მიმართულებისაა, ერთი ეს არის საკუთარი თვალსაზრისი წინა მმართველობის პოზიტიური როლისა, რომელსაც უპირისპირებენ ამჟამინდელი მმართველი ძალის მიმართ ნეგატიურ შეფასებებს, ცდილობენ რა, რომ ფაქტობრივ ჭრილში აჩვენონ საზოგადოებას მონაცემები; მეორე მიმართულება კი პირდაპირ “ქართული ოცნების“ ბრალმდებელ-მამხილებელი ხასიათია, ის თავისი კონცეფციით წინასაპარლამენტო არჩევნებისას “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჯგუფების მიერ წარმოებული ხელისუფლებისადმი ნეგატიური რგოლების იდენტურია, სწორედ ამგვარ რგოლებს ვხედავდით ჩვენ საპარლამენტო არჩევნების წინ, ამჟამად მხოლოდ ადგილები აქვს შეცვლილი მხარეებს. განსხვავება ისაა, რომ ერთი წლის წინ ამგვარი მესიჯები კონტექსტუალური იყო, ხოლო ამჟამად ეს მესიჯები არაკონტექსტუალურია. ვფიქრობ, “ნაციონალურ მოძრაობას“ მიმდინარე კამპანიისათვის სხვა სტრატეგია უნდა წარმოედგინა, რამდენადაც მათ არ გააკეთეს აქცენტი ისეთ კატეგორიაზე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობისადმი“ ანტაგონისტურად არის განწყობილი, მაგრამ ასევე კრიტიკულია “ქართული ოცნების“ მიმართ; ეს დღეს შედარებით გამოთავისუფლებული სამიზნე ჯგუფებია, რომლების “დატაცებაც“ შეიძლება, თუმცა იმ დროს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის“ რგოლები თვითკმაყოფილებაზე და მოწინააღმდეგეების რადიკალურ ნეგატივზეა აგებული, შესაძლო მხარდამჭერებს კარგავს. ზოგადად, ნეგატიური კამპანიები წამგებიანად ითვლება, თუმცა, საქართველოში თავისებურებებით გამოირჩევა და მომგებიან ხასიათსაც იღებს, მთავარია, მისი წარმდგენის რეკრუტირება, ასევე დროულობა და კონტექსტი სწორად იყოს შერჩეული; მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება“ მრავალმხრივ ამ ნეგატიური კამპანიებით იქნა პრომოუტირებული, ასევე დღეს ბურჯანაძის პრომოუტირება უფრო ეფექტურია ამგვარი დამოკიდებულებით, თუმცა “ნაციონალური მოძრაობისათვის“ ამ მომენტში ეს მიდგომა წამგებიანად უფრო მოჩანს.
ნინო ბურჯანაძე – ნინო ბურჯანაძე, ბაქრაძის მსგავსად, ამ არჩევნებს იყენებს, როგორც საკუთარი იმიჯის რეაბილიტაციის საშუალებას, რამდენადაც მას სერიოზული საშიშროება ჰქონდა, რომ მოღვაწებისას მარგინალ სივრცეში არ გადასულიყო; ის გვერდს უვლის ყველა კრიტიკულ მოსაზრებას თავისი პერსონის მიმართ, არ იღებს პასუხისმგებლობებს საკუთარი სამოღვაწეო წარსულის მიმართ და ყოველ ჯერზე საკომუნიკაციო დისკურსს “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიმართავს. საკუთარი მძაფრი განცხადებებით, “ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალი მოწინააღმდეგეების მიმართ გამოხატული სასურველი მესიჯების წყალობით და მტკიცე ქმედებებით ბურჯანაძე არა მხოლოდ საარჩევნო პროცესის სრულფასოვანი მონაწილე გახდა, არამედ პოლიტიკურ კომუნიკაციებშიც ორგანული როლი მოირგო, რაც მისთვის უკვე წარმატებულ ნაბიჯად იქცა. აქვე, შეიძლება აღინიშნოს, რომ ნინო ბურჯანაძე ალბათ ერთადერთი კანდიდატია, ვისაც ძირითად მესიჯებში სრულიად კონკრეტულ მიზანზე აგებული შინაარსი გააჩნია, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მკვეთრი აგრესია და შურისმაძიებლური მიზნები; მიუხედავად იმისა, რომ ეს პიარ კამპანიებში წამგებიან მოდელად ითვლება, ჩვენი საზოგადოების პარადოქსული ხასიათის გამო ბურჯანაძის ნაბიჯები მისთვის ამ ეტაპზე მომგებიანი გახდა. აღნიშნული კამპანია საინტერესოა მხოლოდ ექსპრესიულობით, აქცენტები გაკეთებულია მხოლოდ მოწინააღმდეგეებთან მიმართებაში და შესაბამისი მიზნობრივი აუდიტორიის მხარდაჭერაზე მუშაობს.
გიორგი თარგამაძე – მისი წარუმატებელი პიარკამპანიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალბათ პროდუქტის შეუმდგარობაში უნდა მოვიძიოთ უპირველეს ყოვლისა, ეს კანდიდატი გამორჩეულად ზედმეტად ხელოვნურია, თითქოს ეძებს ყველა შესაძლო საზოგადოებრივ ინტერესს და მათ შესატყვის მესიჯებსაც ქმნის, მაგრამ საზოგადოება ამ შეტყობინებებს არ იღებს და არც მხარდაჭერას უცხადებს. ამას გარდა, ბატონი გიორგი თარგამაძე, მიუხედავად იმისა, რომ აქვს გამოცდილება საარჩევნო პროცესებში მონაწილეობისა, პიარკამპანიების თვალსაზრისით მნიშვნელოვან შეცდომებს უშვებს პოზიციონირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმის კუთხითაც, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი თარგამაძეს გამოხატული ჰქონდა სააკაშვილისეული ისტერია და ზედმეტი სიმძაფრე ახასიათებდა, რაც არაკონტექსტუალური იყო, ასევე ქცევა-მეტაფორებში არაერთხელ ბაძავდა საქართველოს პრეზიდენტის გამოხატულებებს. ამჟამინდელი კამპანია კვლავ მონოტონურად და არადამაჯერებლად მოჩანს.
_ რა შეიძლება ითქვას დასკვნის სახით? პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა კანდიდატს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, არჩევნებში გამარჯვება, თითოეულ კანდიდატს ურთიერთგანსხვავებული მიზნები გააჩნია; ამდენად, წარმომდგენი ჯგუფების მხრიდან, სამომავლოდ, ვისურვებდი თავად გასაყიდი პროდუქტების ანუ საპრეზიდენტო კანდიდატების შემდგარობას, ამას გარდა, წინასაარჩევნო პროცესებში სამოღვაწეო მიზნების უკეთ გააზრებას, რეალური სათქმელის ქონასა და წარმოდგენას საზოგადოებასთან, ასევე სპეციალისტების მომსახურებას, საზოგადოებასთან ურთიერთობების სტრატეგიის, მეთოდების სწორად შერჩევას, იყვნენ არახელოვნურები, გულწრფელები და… ყველაზე მთავარი, იმის გააზრებასა და განხორციელებას, რომ საქართველოს მოქალაქე არის არა მხოლოდ დამატებითი ხმა, არამედ ცოცხალი ადამიანი და თავად კანდიდატები არა მხოლოდ საკუთარი კარიერისათვის უნდა მოღვაწეობდნენ, არამედ კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების შეთანხმებას უნდა ახდენდნენ, _ ამბობს კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია.