ასტრონომებმა აღმოაჩინეს მზის სისტემა, რომელიც შვიდი პლანეტისგან შედგება და მათგან სამი სიცოცხლისთვის გამოსადეგია. ეს სისტემა ჩვენგან 22 სინათლის წლითაა დაშორებული.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ სამი პლანეტიდან ერთს, ნამდვილად აქვს სიცოცხლის არსებობისთვის ყველა მონაცემი. ეს დედამიწის ტიპის პლანეტა, თავისი მზიდან მდებარეობს ზუსტად იმ მანძილზე, როგორზეც დედამიწა. “სიცოცხლისთვის გამოსადეგი სამი პლანეტის აღმოჩენა ერთი მზის სისტემაში ძალიან გასაოცარია,” _ ამბობს ასტრონომთა ჯგუფის ხელმძღვანელი, გილემ ანგლადა-ესკუდე გოტინგენის უნივერსიტეტიდან, სადაც ამ სისტემას იკვლევდნენ.
ეს პლანეტები მდებარეობენ მზის ორბიტებზე, რომელსაც “Gilese 667C” ჰქვია. ის შედის სამი ვარსკვლავის სისტემაში “Gilese 667”. თითოეული ეს პლანეტა რვაჯერ აღემატება დედამიწას ზომაში, რის გამოც, მათ “სუპერ-დედამიწები” შეარქვეს.
_ ჩვენ რომ რომელიმე ამ პლანეტთაგანზე ვყოფილიყავით, მზე გამოჩნდებოდა როგორც დიდი წითელი ვარსკვლავი, ხოლო დანარჩენი ორი _ სუპერ-დედამიწა იქნებოდა, იმ სიდიდის, როგორც ჩვენგან მთვარე მოჩანს და ღამეს ისინი გაანათებდნენ.
ამ სამი პლანეტიდან მხოლოდ ერთზე ვიცით დანამდვილებით, რომ იგი სიცოცხლისთვის გამოსადეგია, მაგრამ დანარჩენ ორზეც არსებობს სიცოცხლის შანსი, თუმცა, არც ისე იდეალური, რადგან ორი პლანეტიდან ერთი სულ წყლითაა დაფარული ხოლო მეორე _ “გაჭედილია”; ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავისი ღერძის გარშემო არ ბრუნავს და მხოლოდ ერთი მხარე იღებს მზის შუქს, მეორეზე კი _ სულ ღამეა.
იმის გამო, რომ ეს პლანეტა ჩვენგან ძალიან შორსაა, ჩვენ არ ვიცით, როგორი ტიპის ატმოსფეროა იქ, ვერ დავადგენთ როგორი ტიპის სიცოცხლე ჩქეფს მასზე. სწორედ ატმოსფეროს შემადგენლობა და მისი წნევა მოქმედებს ორგანიზმების განვითარებაზე, _ ამბობენ ჯგუფის წევრები.