გოთოშიას განცხადებით, ის 2008 წლის აგვისტოს ომამდე, კონფლიქტის ზონაში რამდენიმე რუსული მეგაფონის და სატელევიზიო გადაცემების არსებობას სწავლობდა. მისივე თქმით, მეგაფონის სიმბარათების მოძიებაში გენერალი ყურაშვილი ეხმარებოდა.
“ომამადე ყურაშვილმა და არველაძემ მომაწოდეს სიმბარათების დიდი რაოდენობა. კონფლიქტის დაწყებისას აღმოჩნდა, რომ ეს ახალი სიმბარათები ყველა დაბლოკილი იყო, რამაც საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რადგან ქართული კავშირები არ მუშაობდა. GSM- ქსელს, თუ სად იყო დაფარვა, კარბელაშვილთან ერთად ვამოწმებდით. იმ პერიოდში რუსეთის კომპანიები უკვე მაუწყებლობდნენ და მათი ანძები უნდა გვეპოვა და ჩაგვეხშო,” _ იხსენებს გოთოშია.
ამასთან, ამბობს, რომ როცა დასავლეთი აღმოსავლეთს მოსწყდა, მხოლოდ ორი კაბელი არსებობდა: ერთი ძველ საავტომობილო გზას მიჰყვებოდა, მეორე კი – რკინიგზას. პირველმა რუსულმა ყუმბარამ პირველი კაბელი დააზიანა, რკინიგზის გასწვრივ ყუმბარამ კი, რკინიგზის კაბელი.
“შეგვეძლო, ეს კავშირი აღგვედგინა 24 საათში. ჯარი მოწყვეტილი იყო ჯარს, გაწყდა კავშირი. კარბელაშვილმა მთხოვა, შევძლებდი თუ არა კავშირის აღდგენას. აპარატი, რომლითაც კავშირის აღდგენა შეიძლებოდა, ძალიან ძვირადღირებული იყო. 2 აპარატი ვიყიდეთ, 2 კი ჯეოსელის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გვაჩუქა, რომელიც კარბელაშვილს გადავეცით და სად წავიდა, აღარ ვიცით,” _ აღნიშნა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა.
კომისიის წევრის, ანი მიროტაძის მოსაზრებით, ქვეყანა კერძო პირების იმედზე არ უნდა ყოფილიყო და ფორს-მაჟორული სიტუაციებისას ალტერნატიული წყაროები უნდა ჰქონოდა.
“ალტერნატიული კავშირები მხოლოდ ომისთვის არ უნდა იყოს. აუცილებელია, რამდენიმე წრე იყოს შეკრული, რომ დაზიანების შემთხვევაში კომუნიკაცია არ შეწყდეს. ეს წრე არც ახლა არის,” _ განაცხადა გოთოშიამ.
რაც შეეხება სუბიექტების შერჩევის საკითხს, თუ რომელი კომპანია უნდა შეემოწმებინა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, გოთოშიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი რამდენიმე პრინციპით ხორციელდებოდა. მათ შორის, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ასევე იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიიდან ხელშეშლის ფაქტი დაფიქსირდებოდა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომისია მუშაობას ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს, დილით გააგრძელებს.