პირველ რეზოლუციაში ხაზი გაესვა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების ევროინტეგრაციის პრიორიტეტულობას ევრაზიულ საბაჟო კავშირთან მიმართებაში. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებზე მუდმივად განხორციელებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მონაწილეებმა მოუწოდეს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს დაადასტურონ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებისადმი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან დააჩქარონ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, სავიზო დიალოგის პროცესი და წინ აღუდგნენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებზე ზეწოლას და მიიღონ კონკრეტული, ეფექტური ზომები მათი მხარდაჭერის და დაცვის მიზნით.
მეორე რეზოლუციაში აღნიშნულია სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანასკნელ დღეებში საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე და იმ მძიმე შედეგებზე, რაც საოკუპაციო ხაზის გადმოწევამ შეუქმნა მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს. მიღებული რეზოლუციით ფორუმმა თხოვნით მიმართა ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ასევე, შეიმუშავონ ახალი ეფექტური საერთაშორისო მექანიზმები დაზარალებული მოსახლეობის უფლებებისა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის მიზნით.
მესამე რეზოლუციის თემას წარმოადგენს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში უკანონო მოსმენების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი მიესალმება საქართველოს სამოქალაქო სექტორის მიერ აღნიშნული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და ევროკავშირს მიმართავს თხოვნით ხელი შეუწყოს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვასა და პირად ინფორმაციასთან დაკავშირებული რეფორმების გატარებას.