“ჩემი მეგობარი ეს დღეებია სკოლაში არ დადის, რადგან იცის, რომ მას მოიტაცებენ და არ უნდა ნაადრევად შექმნას ოჯახი”, _ ითქვა შეხვედრაზე.
დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის თქმით, თანატოლებმა უფრო ხშირად უნდა ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რაც მათ აქვთ: ” წინააღმდეგი ვარ ნაადრევი ქორწინების, რადგან არის შემთხვევა, როდესაც მოზარდები სკოლას არ ამთავრებენ და ქორწინდებიან. მაგალითად დაბა ნასაკირალში თუ კარგად არ სწავლობს გოგო, მას აღარ უშვებენ სკოლაში და იძულებული ხდება სახლში იყოს ან ნაადრევად დაოჯახდეს. ამ საკითხზე უფრო მეტი დისკუსია არის საჭირო და უფრო მეტი აქტივობები არის გასაკეთებელი.”
“ჩვენ მოვიწვიეთ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც, რომლებსაც საკუთარი ტრადიცია და გარკვეული წესჩვეულებები უწესებს გარკვეულ შეზღუდვებს. მაგალითად, არის ესეთი ტენდეცია, რომ გოგოების ერთი ნაწილი ადრე , მეცხრე კლასიდან გადიან და ტოვებენ სკოლას, ასეთ ფაქტს გურიაშიც ნახავთ. ასევე სხვადასხვა დასახლებული ეთნიკური და რელიგიურ უმცირესობების თემებში ადრე ქორწინდებიან. ამის შესახებ იყო ზუსტად შეხვედრაზე საუბარი” _ გვითხრა “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” თავმჯდომარის მოადგილე ნონა სადრაძემ.
გოგონათა საერთაშორისო დღე ასევე აღინიშნა “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრში”, სადაც გულახდილი საუბრები შედგა. შეხვედრას უფრო მეტად ქალბატონები ესწრებოდნენ. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის კოორდინატორმა გურიაში, ინგა დუმბაძემ შეხვედრის დასასწყისში განაცხადა, რომ ეს შეხვედრა შედგა იმისთვის, რომ გულახდილად ყოფილიყო წამოწეული ის პრობლემები, რაც ახალგაზრდა გოგოებს აქვთ.
“ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, სადაც გავიგეთ თუ რა პრობლემები აქვთ გოგონებს. ერთი საინტერესო ფრაზა ამოვიკითხე, რომელიც დამამახსოვრდა: გოგონებს მთავარი პრობლემა გარდატეხის ასაკში უჩნდება, ეს არის მზარდი და ძლიერი ცნობისმოყვარეობა, რომელიც ძალიან გვაწუხებს შინაგანად, მაგრამ ვერავისთან ვსაუბრობთ გულახდილად და სწორედ აქედან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დისკუსია ჩაგვეტარებინა და გვესაუბრა გულახდილად ყველაფერზე”, _ გვითხრა ინგა დუმბაძემ.
ინგა დუმბაძემ, ასევე, საზოგადოებას მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნო, რომელსაც გაერო და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საქართველოში ნაადრევი ქორწინების შესახებ აქვეყნებს: “საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ გოგონების ნაადრევი ქორწინებებით. მას მოსდევს თურქეთი და ტაჯიკეთი. საქართველოში 20-დან 24-წლამდე გოგონების 19% 18 წლამდეა გათხოვილი. არასრულწლოვანი პატარძლები ახალ ოჯახებში ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ქორწინება უარყოფითად მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ართმევს განათლების მიღების საშუალებას და წარმატებულად დასაქმების შანსს. 2013 წლის 14 იანვრამდე 7,367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება საბაზო საფეხურის დასრულებამდე. არ არსებობს კვლევა, რომელიც სწავლის მიტოვების მიზეზებს დაადგენდა. თუმცა სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, ამბობენ, რომ დაკვირვებების საფუძველზე ამის მიზეზი ადრეული ქორწინებებია. გაერო და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგა-ნიზაცია პარტნიორებთან ერთად მოუწო-დებს სახელმწიფოებს, ნაადრევი ქორწი-ნება ადამიანის უფლებების დარღვევად და მოზარდებისთვის საფრთხის შემცველად გამოაცხადონ და სტრატეგიული გეგმები შეიმუშავონ ამ მავნე ტრადიციის აღმოსაფხვრელად”