პროკურატურა კი პასუხობს, რომ 1 წლის განმავლობაში მაშტაბური საკადრო ცვლილებები განახორციელა და ძველი პროკურორების ახლებით ჩანაცვლებას მომავალშიც გააგრძელებს.
“სულ 522 თანამშრომელია პროკურატურის სისტემაში, აქედან 89 სამენეჯერო პოზიციის კადრია გაშვებული სამსახურიდან. 242 კი შიდა გადაადგილებაა. ჩვენ ვგრძნობდით და ვხედავდით, რომ მოქალაქე მომართავდა პროკურატურას და მათ საქმეს იგივე პროკურორი იხილავდა, ვისაც ის ზეწოლაში ადანაშაულებდა. მე მგონი, დღეს ასეთი შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება განცხადებებს, სადაც მინიშნებულია პროკურორთა მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენი გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს და იყო შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ადამიანები არა მარტო გავუშვით პროკურატურიდან, არამედ პასუხისმგებლობაში მივეცით,” _ ამბობს მთავარი პროკურორის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი.
მისივე თქმით, პროკურატურამ 50 სტაჟიორი მიიღო, შეიქმნა ბაზა, სადაც 37 მომავალი პროკურორია ჩარიცხული. იგეგმება პროკურორების პროფესიული გადამზადებაც.
არსებული სტატისტიკის მიუხედავად, პროკურატურა მთავრობის ყველზე სუსტ რგოლად რჩება. გამოძიების გაჭიანურებას პროკურატურა საქმეთა სიმრავლით ხსნის. თუმცა, არა ერთი დაზარალებული მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მათი საჩივრები სწორედ იმ პროკურორებმა დაბლოკეს, ვისას ისინი უჩიოდნენ.