მრიცხველების დადგმის თაობაზე, მაგრამ მოსახლეობა კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხებს ვერ იღებს.
“გურია ნიუსთან” საუბრის დროს, მოსახლეობის ერთი ნაწილი ამბობს, რომ მათთვის არ არის ცნობილი, თუ რა ვალდებულება აქვს წყალმომარაგების კომპანიას მომხმარებლის წინაშე.
_ გვაინტერესებს, რა ვალდებულება აქვს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას. მხოლოდ ჩვენი ვალდებულებები არის ცნობილი და მეტი არაფერი. სანამდე უნდა ვიყოთ ასე გაურკვევლობაში? ვისაც მრიცხველი გვაქვს, იმათთვის 24-საათიანი წყლის მიწოდება მაინც არ ხერხდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ვინც მრიცხველს არ დაიდგამს, მას ჩაეჭრება წყალი. უნდათ, რომ ხელშეკრულებებზე მოგვაწერინონ ხელი და კითხვებზე პასუხს არ გვაძლევენ. მობრძანდით სერვისცენტრში და იქ გაიგებთ ყველაფერს, _ ასე გვეუბნებიან მათი თანამშრომლები, _ გვითხრეს საუბრის დროს ჯორჯიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა.
“გურია ნიუსი” იმ დროს მივიდა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, როდესაც სერვისცენტრის თანამშრომლები ხელშეკრულების გაფორმებით იყვნენ დაკავებულები. მათ ჩვენთან საუბრის დროს ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს: _ არანაირი კომენტარი. მობრძანდით ჩვენს სამსახურში და იქ შეგიძლიათ, მიიღოთ პასუხი, _ გვითხრეს წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრის თანამშრომლებმა, რომლებმაც მოსახლეობას ჩვენი თანდასწრებით ზოგადი პასუხები გასცეს.
ოზურგეთელი მარინა სუნგულიას თქმით, აქ კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც ყველას ეხება: _ ოზურგეთში საკანალიზაციო სისტემა არ არის მოწესრიგებული. ფეკალური მასები პირდაპირ მდინარეში ჩაედინება, რაც, რა თქმა უნდა, გარემოს დაბინძურებას იწვევს. ასეთ დროს კანალიზაციის სისტემასთან მიერთების ნებართვისთვის 1000-ლარიანი ტარიფის დაკანონება ვფიქრობ, რომ პირდაპირი ბრძოლის გამოცხადებაა ეკოლოგიასთან, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა გადახდისუნარიანი არ არის.
წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერის, იასონ ცინცაძის თქმით, მისი თანამშრომლები ჯორჯიაშვილის ქუჩაზე თავის საქმეს აკეთებდნენ:
_ ჩემი თანამშრომლები გასულები იყვნენ მოსახლეობაში, სადაც მრიცხველები დაიდგა. შესაბამისად, მოხდა მისი დალუქვა.
_ ბატონო იასონ, რატომ არ აცნობთ მოსახლეობას, თუ რა ვალდებულებებს იღებს კომპანია?
_ ყველაფერი ხელშეკრულებაში წერია და შეგიძლიათ, ნახოთ.
_ იქ მხოლოდ მომხმარებლის ვალდებულებები წერია.
_ ჩვენ გვყავს პრესსამსახური და შეგიძლიათ, მას დაუკავშირდეთ.
_ კანალიზაციის სისტემასთან მიერთების ნებართვისთვის მართლა 1000 ლარია საჭირო?
_ ეს სემეკის დადგენილებაა.
_ რამდენად შეძლებს მოსახლეობა 1000 ლარის გადახდას?
_ ამ ყველაფერზე პასუხს გაგცემთ პრესსამსახური და მეტს მე ვერაფერს გეტყვით, _ გვითხრა იასონ ცინცაძემ.
“გურიის მედიატორთა ასოციაციის” და “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტი, კახა ჩავლეშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ქალაქ ოზურგეთში საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ დგას სასმელი წყლის ხარისხი, მოუწესრიგებელია წყლის მიწოდების შიდა ქსელი, წყლის დინებას არ გააჩნია სათანადო წნევა და მისი მომხმარებლისთვის მიწოდების ინტენსივობა დამოკიდებულია ამინდის ცვალებადობაზე: _ ამ დროს, მე, როგორც მოქალაქეს, არ მიმაჩნია მართებულად ის, რომ წყლის მიმწოდებელმა კომპანიამ დაავალდებულოს მომხმარებელი, გაწიოს დამატებითი ხარჯები წყლის მრიცხველის დაყენების მიზნით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.2008 წლის #32 დადგენილების 27-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, მიმწოდებელს უფლება აქვს, 2015 წლის 1 იანვრამდე, მოახდინოს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ინდივიდუალური სახლების მფლობელი და აგრეთვე 24-საათიანი წყალმომარაგების მქონე აბონენტების გამრიცხველიანება.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, წყლის მრიცხველების დამონტაჟება ამ კატეგორიის აბონენტებისათვის შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, მომხმარებელთა უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ გამრიცხველიანებით მათი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება. სამაგიეროდ, გაუმჯობესდება წყლის მიმწოდებლის მდგომარეობა, რომელიც მიიღებს ოზურგეთში არსებული სამიათასხუთასამდე აბონენტისაგან მრიცხველების დადგმისთვის თითოეულისგან 100 ლარს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს იმ სამ ძირითად ვალდებულებას, რაც უნდა შეასრულოს წყლის მიმწოდებელმა, კერძოდ:
წყალი უნდა იყოს სასმელად ვარგისიანი (წყალი დასალევად ვარგისი უნდა იყოს არა წყალსადენის სათავეზე, არამედ მომხმარებლის ონკანშიც); უნდა მოხდეს წყლის შეუფერხებლად, საჭირო წნევით და უსაფრთხოდ მიწოდება, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელმა წყალი უნდა მიიღოს დამატებითი ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟისა და ელენერგიის ხარჯის გარეშე; წყლის მიწოდება უნდა იყოს უწყვეტი, ანუ 24-საათიანი;
კანონის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, რასაც ამ შემთხვევაში წყლის მიმწოდებლის მხრიდან ადგილი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ წყლის მომხმარებელთა უფლებები დაუცველია და სრულდება მხოლოდ ის დანაწესები, რომლებიც აუმჯობესებენ წყლის მომწოდებლის მდგომარეობას, რაც, რა თქმა უნდა, მომხმარებელთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.
რა ხარჯებთანაა დაკავშირებული წყლის მიღება: სასმელი წყლის ქსელზე მიერთება _ 500 ლარი; მრიცხველის დაყენება _ 100 ლარი; წყლის ტუმბო, წყლის ავზი და მათ მონტაჟთან დაკავშირებული ხარჯები _ დაახლოებით, 500 ლარი; ყოველთვიურად 10-15 ლარი ელენერგიის ხარჯი. სასმელი წყლის საფასური: გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებელისთვის 1 კბ/მ წყალი (წყალარინებით) _ 0,42 ლარი; გამრიცხველიანების გარეშე საყოფაცხოვრებო მომხმარებელისთვის ერთ სულზე 2,03 ლარი (წყალარინების ჩათვლით).
ამ ხარჯების გაღების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ წყალს, რომლის სასმელად გამოყენება, ჩემი აზრით, არასასურველია, _ თქვა კახა ჩავლეშვილმა.