“2012 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოების წესს. დადგენილება აწესებს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების ისეთ შეზღუდვებს როგორიცაა:
1. იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს კენჭისყრის შენობაში განმეორებით შესვლისა და ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოების უფლებას.
2.საარჩევნო უბნის გახსნამდე, დილის 7-დან 8 საათამდე და ხმების დათვლის პერიოდში ფოტო-ვიდეო გადაღება უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან;
3.გადაღება უნდა წარმოებდეს ნებისმიერი სუბიექტიდან ან ობიექტიდან 3 მეტრით დაშორებული მანძილიდან;
4.ხმის მიცემისათვის განკუთვნილი მთელი დროის განმავლობაში პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებამ ფოტო-ვიდეო გადაღება შეიძლება აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. 10 წუთზე მეტი ხნით გადაღების მსურველმა გადაღება შეიძლება აწარმოოს ხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან;
არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები დადგენილების მიღების დღიდან მოყოლებული მოითხოვენ მის გაუქმებას ვინაიდან დადგენილება მნიშვნელოვნად ზღუდავს და აფერხებს არჩევნების მიმდინარეობის დღეს საარჩევნო პროცესის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. თუმცა, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღემდე არ მიუღია დადგენილების გაუქმების გადაწყვეტილება. ცესკოს განმარტებით, განიხილება დადგენილებაში ცვლილებების განხორციელების საკითხი.
2013 წლის 15 ოქტომბერს კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” და კოალიციის “არჩევანის თავისუფლებისთვის” წარმომადგენლები შევხვდით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წარვუდგინეთ კოალიციებში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ალტერნატიული წინადადება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოების მოსაწესრიგებლად. წინადადება ითვალისწინებს დადგენილებაში იმგვარი ცვლილებების შეტანას, რომლებიც საშუალებას მისცემს მედიის წარმომადგენლებს შეუფერხებლად გადაიღონ კენჭისყრის დღის მათთვის საინტერესო მოვლენები და ამავდროულად უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას. ალტერნატიულ წინადადებაზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა ყველა ის დაბრკოლება, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს შეექმნათ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას და რომელთა აღმოფხვრა აუცილებელია საარჩევნო პროცესის სრულყოფილად გასაშუქებლად. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული საარჩევნო ადმინისტრაციების შეფერხების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფის საჭიროება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცესკოს გააუქმოს ან ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადებების შესაბამისად შეცვალოს ზემოაღნიშნული დადგენილბა. საქართველოს საარჩევნო კოდექსით ისედაც არის დარეგულირებული კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა უფლება-მოვალეობანი და დამატებითი შეზღუდვების არსებობით მედიას ხელი შეეშლება უმნიშვნელოვანესი ფუნქციის განხორციელებაში”, _ ნათქვამია საიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ცესკოს თავმჯდომარე შეიცვალა და აღნიშნულ პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატი თამარ ჟვანია დაინიშნა, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ შეეცდებოდა მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების საკითხი კომისიის წევრებთან ერთად განეხილა და მედიას მაქსიმალურად კარგი სამუშაო გარემო შექმნოდა. თუმცა, ამ დრომდე რაიმე რეალური ცვლილებები არ არსებობს ცესკოს კომისიის წევრები კი, საჯაროდ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ.