გამოფენაზე- “გურამ შარაძე და ქართული ემიგრაცია” – წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული უამრავი ხელნაწერი, რომელსაც გურამ შარაძე 14 წლის განმავლობაში თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა. ასევე, ფოტო არქივი და ემიგრანტებთან მიმოწერა, სადაც ჩანს გურამ შარაძის დამოკიდებულებები ემიგრანტებთან.
ემიგრაციის მუზეუმის უფროსი სპეციალისტის რუსუდან კობახიძის თქმით, პროფესორის იუბილეს თემატური გამოფენა მიუძღვნეს, რაგან 1994 წლიდან გურამ შარაძე თავად იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი.
“გურამ შარაძემ ქართულ ემიგრაციას მიუძღვნა ფუნდამენტური სამტომეული “უცხოეთის ცის ქვეშ”, ასევე – “ისტორიული რელიქვიების დაბრუნება”. ემიგრანტული ჟურნალისტიკის მხოლოდ 8 ტომეულის გამოცემა მოასწრო. ჩაფიქრებული ჰქონდა 20-ტომეულის გამოშვებაც. მისი ნაშრომები, მიმოწერები, ფოტოები გვაქვს მუზემში მუდმივ მოქმედ გამოფენასთან ერთად წარმოდგენილი,” _ აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისის ცენტრში მოკლეს.