_ როგორც წესი, საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) დღიდან აქტიურად მიიღოს მონაწილეობა კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ შორის იმყოფებოდეს საარჩევნო უბანზე სამუშაო საათების განმავლობაში. კანონმდებელი პირდაპირ ადგენს, რომ კომისიის წევრებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა. სხვათა გვერდით, კანონი დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, ასევე არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში სამუშაო საათების პერიოდში არავინ იმყოფებოდა (მეტიც, საუბნო კომისიის მიერ უმეთვალყურეოდ იყო მიტოვებული საარჩევნო დოკუმენტაციის ნუსხაში შემავალი დოკუმენტი), მინიმუმ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებასთან გვაქვს საქმე და მათ დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ეს შეიძლება იყოს შენიშვნა, გაფრთხილება, ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა). ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე მსჯელობისას საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ამ უკანასკნელის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური იყოს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას საქართველოს დემოკრატიული კავშირის იურისტი ირაკლი პაპავა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved